LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცნობილი კომპოზიტორები ერთმანეთზე კარგ სიმღერებს წერენ ჩემთვის…“ – როგორ აისრულა ბავშვობის ოცნებები მარიამ მამისმედიშვილმა და როგორ უწყობს ხელს მუსიკალურ კარიერაში პროდიუსერი მეუღლე

571
მარიამ მამისმედიშვილი

მომღერალი მარიამ მამისმედიშვილი აქტიურად გვიზიარებს შემოქმედებით სიახლეებს. ის თანამშრომლობს სხვადასხვა ცნობილ კომპოზიტორთან, მათ შორის არიან რომა რცხილაძე, დათო ევგენიძე, რუსა მორჩილაძე, ქეთი გაბისიანი…

მარიამი ახლაც სიახლეებზე მუშაობს, რომლებსაც მსმენელს უახლოეს მომავალში გაუზიარებს. მარიამის მეუღლე ამავე სფეროში საქმიანობს, პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს. როგორ ახერხებს მარიამი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას და ოჯახზე ზრუნვას, fortuna.ge მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

მარიამ, საუბარი შემოქმედებითი სიახლეებით დავიწყოთ…

ახლა დავამთავრე მუშაობა რუსა მორჩილაძის ულამაზეს სიმღერაზე, რომლის არანჟირებაზე ბორიკო შხიანმა იმუშავა, ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს. დამირეკა რუსამ და მითხრა, რომ ჩემთვის ძალიან მაგარი სიმღერა ჰქონდა დაწერილი. მოვისმინე სიმღერა და ძალიან მომეწონა, ულამაზესი მელოდიაა, ეტყობა, რომ გულით დაწერა. თვითონვე თქვა, რომ ეს სიმღერა ჰიტი გახდება. ჩაწერის პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო, თავად რუსაც ესწრებოდა, რა თქმა უნდა. შედეგებით აღვფრთოვანდი. არანჟირებაც და მასტერინგიც უკვე დასრულებულია. მოლოდინს გადააჭარბა და დარწმუნებული ვარ, რომ გაჰიტდება, როგორც რუსას სხვა სიმღერები.

ვმუშაობ ქეთი გაბისიანის სიმღერაზე, რომლის ჯერ მხოლოდ მონახაზი გვაქვს. ვაპირებთ მალე ჩაწერას და არანჟირების გაკეთებას. ტექსტი მეკუთვნის მე.

ლექსებს წერთ, ხომ?

არ მიყვარს ამაზე ყურადღების გამახვილება, რაღაცებს ვწერ, შეიძლება, ზოგს მოეწონოს, ზოგს – არა. არ ვაპირებდი ჩემი ლექსების სიმღერებში გამოყენებას, მაგრამ ჩემი მეუღლის, ბექას დაჟინებული თხოვნით გადაწყდა, რომ ამ ლექსზე უნდა შექმნილიყო სიმღერა. ის იმედისმომცემ სიყვარულზეა, არ არის ტრაგიკული ტექსტი.

ალბათ, საკუთარი სიყვარულის ამბავს მიუძღვენით…

ხშირად მეკითხებიან, ვის მივუძღვენი. კონკრეტული ადრესატი არ მყავს, იმ მომენტში რა ტექსტიც მომდის თავში, იმას ვწერ. შეიძლება, ორი უცხო ადამიანის ამბავზე დავწერო. ჩემს ისტორიებთან არ ვაიგივებ. აი, რუსას სიმღერა ეძღვნება ბექას (იღიმის). ქეთის ჩემი დაწერილი ტექსტი რომ გადავუგზავნე, მომწერა, ეს ტექსტი უკვე მღერისო. როცა თავად დაგვიკრა და იმღერა, არ დაგიმალავთ და ემოციები გამოიწვია, ვიტირე. ბედნიერი ვიყავი, რომ ეს სიმღერა მაჩუქა. სტუდიაში ჩაწერისას ასევე ვერ ვიკავებდი ცრემლებს.

ასევე ჩავწერე დათო ევგენიძის ახალი სიმღერა, სადაც დათო თავად კითხულობს რეჩიტატივს. ჩვენ უკვე გვაქვს ერთი დუეტი, კლიპით, ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა ამ სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია. ამის შემდეგ დამირეკა და მითხრა, ძალიან მაგარი სიმღერა უნდა გაჩუქოო. მეორე დღეს დავურეკე და ვთხოვე, რომ ამ სიმღერაში რეჩიტატივი აუცილებლად მას უნდა წაეკითხა. ექსპრომტად დაადო თავისი ხმა. ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოგვივიდა. გუშინ ჩავწერეთ ზუსტად. აღნიშნა, ჩემს შემოქმედებაში შენთან კოლაბორაცია განსხვავებული ამბავიაო. ამაზე დიდი კომპლიმენტი არ არსებობს… ძალიან გამიხარდა და ემოციებში ვიყავი.

რომა რცხილაძე დამპირდა ძალიან ლამაზ სიმღერას, მოლოდინში ვარ. მე და რომამ შევასრულეთ მისი ძველი სიმღერა „შენი თვალების ფერი“. თავად სულ ამბობს, რომ ჩვენი ხმები ერთმანეთს ძალიან უხდება. მეც ასე მივიჩნევ… უამრავი ადამიანი მწერდა, სრულიად უცხო ადამიანები, რომ ამ სიმღერაზე გაიზარდნენ და ჩემი ხმა ძალიან მოუხდა. მე და რომას ასევე გვაქვს შესრულებული კიდევ ერთი დუეტი – „მისი იდუმალება“, რომლის პრემიერაც შედგა რომა რცხილაძის ვარსკვლავის გახსნაზე ფილარმონიაში. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ადამიანი ვარ.

ცნობილი კომპოზიტორები ერთმანეთზე კარგ სიმღერებს წერენ ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, ეს სიმღერები მსმენელს ძალიან მოეწონება. ვაპირებ, რომ ჩემი საავტორო სიმღერების ალბომი გამოვუშვა..

ჩემი მეუღლე, ჩემი პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი ყველაფერში მეხმარება. ჩემს ნამუშევრებში უდიდესი შრომა და რესურსია ჩადებული, მათ შორის, ფინანსურიც. ვცდილობ, საავტორო სიმღერები ჩავწერო, ბუმბერაზი, საუკეთესო კომპოზიტორების ნამუშევრები მქონდეს რეპერტუარში. დასაფასებელია, რომ ყველა კომპოზიტორი სრულიად უსასყიდულოდ მჩუქნის სიმღერებს. გულწრფელი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამ ადამიანების მიმართ. გარდა კომპოზიტორობისა, თითოეული მათგანი სასწაული ადამიანია.

არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ მუდმივად შემოქმედებითი წვა გვქონდეს, არ მოვდუნდეთ, მივაწოდოთ ხარისხიანი სიმღერები მსმენელს, ამას ხაზს გავუსვამდი. მინდა, რომ ამ კომპოზიტორების სიმღერები ხშირად ისმოდეს საქართველოში, ისინი ჩვენი კულტურის შემქმნელები არიან.

ძალიან ბევრს ვშრომობდი იმ მოვლენებისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. დიდი გზა მაქვს გავლილი, მათ შორის, საერთაშორისო კონკურსებზე, ვმუშაობდი ჩემი პროფესიით. თუ რამე კონკურსი გამოცხადდებოდა, მე და ჩემი გამზრდელი ბებია, ერთად დავდიოდით. ძალიან მცირე ასაკში დავიწყე სიმღერა. მას სჯეროდა, რომ ამ პროფესიისთვის დავიბადე, ხელს მიწყობდა, ყველგან დამატარებდა… ერთხელ ავიღე მხოლოდ მეორე ადგილი, დანარჩენ შემთხვევაში სულ გრანპრის ვიღებდი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც. ვფიქრობ, მომავალში ბევრ საინტერესო და მაღალი დონის პროექტს შევქმნით. უამრავი იდეა მაქვს, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. პატარა მარის რაც უნდოდა, ყველაფერს მივაღწევ.

თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, როგორც ვხვდები, მეუღლეა?

ბავშვობაში – ბებია იყო. ახლა არის ბექა. გუშინ, სიმღერას რომ ვწერდით სტუდიაში, ძალიან ნერვიულობდა… ტიროდა, იცინოდა, წინ და უკან დადიოდა. მართლა ყველაფერს აკეთებს, გვერდში მიდგას. ცდილობს, ბედნიერი ვიყო. თვითონვე ამბობს, რომ ამხელა გზა მაქვს გავლილი, არ უნდა დავნებდეთ და წინ უნდა წავიდეთ. მეც ძალიან დიდი სტიმული ვარ მისთვის. ბევრი იდეა მიმიწოდებია პროექტების, ფესტივალების და სხვა კუთხით. ძალიან ბევრ რამეში მიჯერებს. ერთმანეთისთვის საყრდენი კედელი ვართ.

გამიმართლა იმაში, რომ ბექა პროდიუსერია, თუმცა ბევრ რამეში დავიჩაგრე… 5 წელი, ბავშვის შეძენის შემდეგ, კი მქონდა კონცერტები, მაგრამ აქტიურად სიახლეებს ვერ ვთავაზობდი მსმენელს. ბექას თავისი კონცერტები ჰქონდა და არ ეცალა ჩემთვის. ახლა კი იცლის. რაც ყველაზე მთავარი იყო ქალის ცხოვრებაში და ჩემს ცხოვრებაში, ფანტასტიკური შვილი მყავს, სასწაული მეკარეა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ მწვრთნელები. მე როგორც მიყვარდა სიმღერა ბავშვობაში, ასე უყვარს ფეხბურთი და წარმოიდგენს, რომ მომავალი მამარდაშვილია. ჩემი მთავარი მისია შევასრულე, ვზრდი ფანტასტიკურ ბიჭს.

რა არის მთავარი ოცნება? 10 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?

10 წელიწადში ვიქნები ძალიან ცნობადი, მექნება უამრავი ჰიტი, ვიქნები წარმატებული ქალი, შვილი, დედა და წარმატებული მეუღლის წარმატებული ცოლი. წარმომიდგენია, რომ მექნება ჩემი ატელიე, სადაც ჩემი დიზაინით შეიკერება სამოსი. კარგად ვხატავ. კლიპებში და გადაცემებში რაც მაცვია, უმრავლესობა კოსტიუმებისა ჩემი შექმნილია. ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უფრო მეტად წარმატებული ვიქნები. ბექაც ასევე იქნება. ერთმანეთს ვავითარებთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გარემოში ხარ, როგორ სტიმულს გაძლევენ, ეს გადამწყვეტია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g