მომღერალი მარიამ როინიშვილი და ტელეწამყვანი ვახო კანდელაკი „ბასტი ბუბუს“ სტუმრობდნენ, სადაც მათ ცხოვრებაში ახალი წევრის, პატარა კირას გამოჩენით გამოწვეულ ცვლილებებზე ისაუბრეს.
ვახო კანდელაკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას შვილის აღზრდის გამოცდილება უკვე ჰქონდა, კირამ სამყარო სულ სხვაგვარად დაანახვა. ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ უფრო მზრუნველი გახდა და ყურადღებას ისეთ დეტალებს აქცევს, რომლებსაც ადრე არ აკვირდებოდა.
„სულ სხვანაირად დამანახა ცხოვრება. ისეთ დეტალებზე დავიწყე ფიქრი, რაზეც აქამდე არ ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლესთან მქონდა გამოცდილება, კირამ რადიკალურად შემოაბრუნა ჩემი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. ალბათ, უფრო მზრუნველი გავხდი, უფრო ყურადღებიანი გავხდი დეტალების მიმართ“
მარიამ როინიშვილმა ხაზი გაუსვა ასაკის მნიშვნელობას დედობის პროცესში. თუ პირველი შვილის, ელენეს შემთხვევაში იგი უფრო აფორიაქებული იყო, ახლა თავს ბევრად უფრო გაწონასწორებულად გრძნობს.
„ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ელენე რომ მეყოლა, მე თვითონაც სხვა ასაკის ვიყავი და ეს შეგრძნება მაქვს მეც, რომ თითქოს ელენესთან ერთად გავიზარდე. კირას რაღაცნაირად უფრო ზრდასრული დედა შეხვდა. თუ ელენესთან მიმართებაში ვიყავი უფრო აფორიაქებული, დაულაგებელი, ამასთან ბევრად გაწონასწორებული ვარ. თურმე ასაკს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მეც სხვანაირად დავინახე ბევრი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ელენესთან დედობა უდიდესი ბედნიერება იყო და ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა, კირამ ალბათ გააორმაგა ეს ყველაფერი. ბედნიერი ვარ ამ პასუხისმგებლობით, რომ კირა არსებობს ჩვენს ცხოვრებაში. კირას გარეშე თითოეული ჩვენგანის ცხოვრება იქნებოდა ძალიან მოსაწყენი.“
