ავსტრიის სკოლებში ახალი სავალდებულო საგანი დაინერგება – „მედია და დემოკრატია“. სწავლება გიმნაზიებში 2027 წლიდან დაიწყება და მიზანია, რომ მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ ციფრულ გარემოში ორიენტირება და ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება.
საგაკვეთილო პროცესში უფროსკლასელები გაეცნობიან, როგორ მუშაობს სოციალური ქსელების ალგორითმები და როგორ ყალიბდება ე.წ. „ინფორმაციული ბუშტები“. ეს არის სიტუაცია, როცა მომხმარებელი ხედავს მხოლოდ მისთვის ახლობელ აზრებსა და ინტერესებს, რის შედეგადაც იქმნება ილუზია, თითქოს ყველა ერთნაირად ფიქრობს.
პროგრამა ასევე მოიცავს:
- ე.წ. ფეიქ-ნიუსების, მანიპულაციისა და პროპაგანდის ამოცნობას
- მედიისა და ონლაინ პლატფორმების გავლენის გააზრებას საზოგადოებრივ აზრზე
- ინფორმაციის წყაროების გადამოწმების უნარების განვითარებას
მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკას დაეთმობა – მოსწავლეები თავად შექმნიან ახალ ამბებს, იმუშავებენ როგორც მედიასაშუალებების, ისე სოციალური ქსელების ფორმატში, რათა უკეთ გაიგონ, როგორ ვრცელდება ინფორმაცია და როგორ რეაგირებს აუდიტორია.
პარალელურად, კურსში შევა ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებიც – როგორ მუშაობს ნეირონული ქსელები და რა ეთიკური საკითხები უკავშირდება მათ გამოყენებას. ეს დაეხმარება ახალგაზრდებს, უფრო ფრთხილად მიუდგნენ ონლაინ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას და არ გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლი.
ავსტრიის განათლების მინისტრის თქმით, ეს რეფორმა პასუხია თანამედროვე ციფრული ეპოქის გამოწვევებზე, სადაც რეალობასა და ალგორითმებით შექმნილ სამყაროს შორის ზღვარი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.