რამდენად სწორია, რომ ბავშვს გარდაცვლილის სახელს არქმევენ? – ამის შესახებ მამა იოანე ყურაშვილი mshoblebi.ge-სთან საუბრობს.
„ბავშვის დაბადება ოჯახში ყველაზე დიდი ზეიმია, თუმცა სახელზე ფიქრისას ხშირად იჩენს თავს აზრთა სხვადასხვაობა. როდესაც ახლობლებს შორის წყენა ან გაუგებრობა იქმნება, ეკლესია ყველაზე მშვიდობიან და სულიერ გამოსავალს გვთავაზობს: შევურჩიოთ პატარას იმ წმინდანის სახელი, რომლის ხსენების დღესაც იგი დაიბადა. ეს მიდგომა საუკეთესო გზაა ყოველგვარი უხერხულობისა და გულნატკენობის თავიდან ასაცილებლად.
ძველი ქრისტიანული წესით, ახალშობილი მე-8 დღეს უნდა მივიყვანოთ ტაძარში და სწორედ ამ დროს ხდება სახელის კურთხევა. რა თქმა უნდა, წინაპრის სახელის დარქმევაშიც არაფერია ცუდი, თუ ის ქრისტიანულია“,- ამბობს მამა იოანე.
კითხვაზე, რამდენად სწორია ბავშვისთვის გარდაცვლილი ახლობლის სახელის დარქმევას მისი ხსოვნის პატივსაცემად? არსებობს თუ არა საფუძველი შიშისა, რომ ბავშვმა წინაპრის „მძიმე ბედი“ არ გაიზიაროს? , – სასულიერო პირი პასუხობს, რომ ეს ცრურწმენაა.
„თუნდაც წინაპარს დიდი ცოდვა ჰქონოდა, ბავშვზე მისი ცოდვა არ გადადის. ზოგადად, წინაპართა ცოდვები, როგორც პირადი პასუხისმგებლობა, ჩვენ არ მიგვეკითხება. ის სხვა სული იყო, ეს კი – სხვა სულია. თუ ადამიანი თავად არ გაიმეორებს იგივე ცოდვას, მას სხვისი ქმედებები არ მოეკითხება და არც მის ხვედრს გაიზიარებს. რაც შეეხება „ბედს“ და „ბედისწერას“, თავად ეს გამოთქმაც არასწორია ქრისტიანული სწავლებით. უფალმა ადამიანებს თავისუფალი ნება მოგვცა და ჩვენ არ ვემორჩილებით ვარსკვლავებს თუ სხვა ნიშნებს. მხოლოდ საკუთარი თავისუფალი ნებით ვმართავთ საკუთარ ცხოვრებას. ბედისწერა რომ არსებობდეს, არც მცნებები მოგვეცემოდა და არც თავისუფალი ნება გვექნებოდა“, – ამბობს მამა იოანე.
