პოპ სუპერვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა აშშ-ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ოფისში (USPTO – United States Patent and Trademark Office) საკუთარი ხმისა და გარეგნული იერსახის სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციისთვის ორი აუდიოჩანაწერი და ერთი ფოტო წარადგინა, რომელთა მფლობელად მითითებულია სვიფტის კუთვნილი კომპანია TAS Rights Management. აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს მომღერლის დაცვას ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ყალბი (deepfake) ვიდეოებისა და აუდიო მასალებისგან.
ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში სვიფტი ამბობს: „გამარჯობა, მე ტეილორ სვიფტი ვარ. ჩემი ახალი ალბომის „The Life of a Showgirl“ მოსმენა შეგიძლიათ Amazon Music Unlimited-ზე“. მეორე ჩანაწერში კი იგივე ალბომის Spotify-ზე წინასწარ შენახვისა და 3 ოქტომბრის რელიზის შესახებ საუბრობს. რაც შეეხება ფოტოს, რომლის სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციასაც მომღერალი ცდილობს, მასზე იგი აღბეჭდილია ბრჭყვიალა სასცენო კოსტუმსა და ვარდისფერი გიტარით ხელში.
აღსანიშნავია, რომ სვიფტის ხმა და ვიზუალი არაერთხელ გამხდარა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ბოროტად გამოყენების საგანი – დაწყებული ყალბი სარეკლამო კამპანიებითა და პოლიტიკური მხარდაჭერით, დასრულებული უხამსი შინაარსის გამოსახულებებით.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვით ადრე, აშშ-ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ოფისს მსგავსი განაცხადით ოსკარის მფლობელმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმაც მიმართა. მან საკუთარი იმიჯი და ხმა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების მიერ უნებართვო გამოყენებისგან დასაცავად სასაქონლო ნიშნად დაარეგისტრირა. მაშინ მაკკონაჰიმ Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა: „მე და ჩემს გუნდს გვინდა, რომ AI სამყაროში რეალური, ცნობილი ადამიანის ხმისა და იერსახის გამოყენებაზე ნებართვის მოპოვება ნორმად იქცეს“.
