BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქების შედეგად სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა.
დაფიქსირდა 390-ზე მეტი სავარაუდო შემთხვევა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გაიზარდა შემთხვევების გავრცელების არეალიც.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ცნობით, უგანდაში ასევე დადასტურებულია დაინფიცირების 2 შემთხვევა და 1 გარდაცვალება.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბუნდიბუგიოს ვირუსით გამოწვეული ებოლას ამჟამინდელი შტამის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. ჯანმო-მ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და უგანდას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საზღვრისპირა სკრინინგის ჩატარება ურჩია. ასევე, ორგანიზაციამ მეზობელ ქვეყნებს მოუწოდა, გააძლიერონ მზადყოფნა, მათ შორის, ჯანდაცვის დაწესებულებებსა და თემებში მეთვალყურეობა.
