მთავარ სლაიდზე ფოტო: ნინო სოზაშვილი
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, შიო III-სა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათივე განცხადებით, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კონსტანტინოპოლში მიიწვია.
„2026 წლის 17 მაისს, საღამოს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-სა და მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის გულთბილი და ძმური სატელეფონო საუბარი შედგა.
მსოფლიო პატრიარქმა მის უწმინდესობას გულითადად მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურის ტახტზე აღსაყდრება და უსურვა ნაყოფიერი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი მსახურება ეკლესიის გასაძლიერებლად, საქართველოსა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ.
თავის მხრივ, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ გულთბილი მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს გულწრფელი მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის.
საუბრის დასასრულს მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში მიიწვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
