LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, კერძო ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს – რა განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო

360
2026-05-25_23-20-48_554665

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2 წლის ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებით საბავშვო ბაღი განცხადებას ავრცელებს.

„ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი „ეი-ბი-სი“ თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ბავშვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვის პრინციპით. ჩვენი მთავარი ღირებულებაა თითოეული ბავშვისთვის უსაფრთხო, მზრუნველი, ჯანსაღი და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა მათი აღზრდისა და განვითარების მიზნით. გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი განმარტება.

მას შემდეგ, რაც შიდა ორგანიზაციული მოკვლევის ფარგლებში ბაღის ადმინისტრაცია დარწმუნდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ბაღის თანამშრომლის მხრიდან სავარაუდო დანაშაულს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ბაღის ღირებულებებსა და მუშაობის სტანდარტებს. ბაღის ადმინისტრაციამ უზრუნველყო დაუყოვნებელი რეაგირება. თანამშრომელი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, დაიწყო შიდა ადმინისტრაციული პროცედურები და ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით უზრუნველყო ყველა შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულების გადაცემა საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მშობლისგან ინფორმაციის მიღებისთანავე, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, ბაღის ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება იყო დაუყოვნებელი. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბაღს რეაგირება არ ჰქონია, არ შეესაბამება რეალობას ბრიტანულ-ქართულ საბავშვო ბაღ „ეი-ბი-სი“-ში დაარსებიდან დღემდე მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საზოგადოების, მშობლებისა და ჩვენი, როგორც ადმინისტრაციის, შეშფოთება. ვწუხვართ შექმნილი მდგომარეობის გამო და ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღში ძალადობის ნებისმიერი ფორმა კატეგორიულად მიუღებელია.

ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი „ეი-ბი-სი“ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ბავშვის უსაფრთხოება და კეთილდღეობა მისი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ყოველთვის იმოქმედებს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მაქსიმალური პასუხისმგებლობითა და სტანდარტების სრული დაცვით.
პატივისცემით,

ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღის „ეი-ბი-სი“-ს ადმინისტრაცია“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g