LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

317
გიგა ავალიანი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, 9.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ნასყიდაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი 1/4-ით შემცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5.3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„თქვენ, თქვენი უშიშარი სიტყვით ღირსეულად დაიცავით ღირსეული ახალგაზრდის ღირსება. ბედნიერად გეცხოვროთ ბატონო მოსამართლე“, – ამ სიტყვებით მიმართა გიგა ავალიანის დედამ მოსამართლეს განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

გასულ სხდომაზე ჯინჯოლიამ ჩიქოვანი და ნასყიდაშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, დღევანდელ სხდომაზე კი სასჯელი განუსაზღვრა.

პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას, ხოლო ანი ნასყიდაშვილს შეუტყობინებლობას ედავებოდა.

ცნობისთვის, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

magti 5g