რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემა „პრემიერა თაკოსთან“ დათო ფორჩხიძე და დათო ხუჯაძე სტუმრობდნენ, რომლებმაც ნიუ-იორკში გამართულ გრანდიოზულ კონცერტზე ისაუბრეს და მსმენელს ახალი სიმღერა – „მიყვარხარ და გახსოვდეს“ წარუდგინეს.
დათო, აღსანიშნავია, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე, ხარისხიანი რაც კი იქმნება, იქ არის ჯგუფი „სახე“ და ეს ნათელი წერტილი ყოველთვის უნდა არსებობდეს.
დათო ფორჩხიძე: მადლობა მთელს საქართველოს, ვინც შეიყვარა ის, რაც ვაკეთეთ. მე მაქვს მორალური ვალდებულება, რომ ვიყო მადლიერი ქართველი ხალხის და ბედნიერი ვარ ამ ვალდებულებით, ამისთვის ვიღვწოდი, ეს იყო ჩემი მოწოდება. ხანდახან, ვფიქრობ ხოლმე, რომ – „ღირდა?“, მაგრამ მერე, წამოვირტყამ ხოლმე შუბლში, რომ – „როგორ არა, რეებს ბედავ?!“, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ, მე ამისთვის დავიბადე. მე ეს ყველაფერი დამიფასდა. ჯერ ცხოვრება კიდევ წინ არის და ღმერთით, ვფიქრობ, რომ ისევ მოიცლის ჩვენი, ქართველი ხალხი მუსიკისთვის და დაბრუნდება ეს დრო.
ახლა, ცოტა კრიზისი გვაქვს, მაგრამ დაგროვილი გვაქვს ძველი სიმღერები.
მარტო სიმღერის დაწერაც ხომ არ არის, მთავარია, რომ გემოვნებიანი იყოს…
დათო ფორჩხიძე: გემოვნება ძალიან სუბიექტურია, მაგრამ არის რაღაც სტანდარტები, რომელი სტანდარტებიდანაც ჩამოვედით და ეს ძირითადად ხდება იმიტომ, რომ არ გვინდა იმდენი ინვესტიცია, გვგონია, რომ რაღაცები ადვილად უნდა გავაკეთოთ… ზოგმა საერთოდ ახალი გზა იპოვა ამ ხელოვნური ინტელექტებით და ეს სასაცილოა.

როგორ ფიქრობ, მუსიკის მიმართულებით, შეცვლის თუ არა ხელოვნური ინტელექტი პროფესიონალს?
დათო ფორჩხიძე: ვერ შეცვლის.
ბევრი ამტკიცებს, რომ უკვე შეცვალა…
დათო ფორჩხიძე: ამას ამტკიცებს ის, ვისაც თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
რომელი ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული ნამუშევარი გაძლებს 20-30 წელი? ვერ გაძლებს… ჩემს სიმღერებს კი აგერ 30 წელია მღერის ეს თაობები.
მოგვიყევით ნიუ-იორკზე და იმ გრანდიოზულ ღონისძიებაზე, რომელიც ჩაატარეთ.
დათო ფორჩხიძე: მე და დათო ვიყავით ნიუ-იორკში, ეს წარმოუდგენელი ოცნება აგვიხდა და ნიუ-იორკში ჩავედით, როგორც არტისტები. წარმოიდგინეთ, დარბაზი ეს იყო „Racket hall NYC“, მანჰეტენზე, საკმაოდ დიდი დარბაზი და როდესაც შევედი, აფიშა იხსნებოდა და ახალი აფიშა, „სახე“ იკვრებოდა. ლეიდი გაგას და როლინგ სტოუნზის ერთობლივი კონცერტის აფიშა ჩამოიხსნა, ვამბობდი, დააბრუნეთ, უნდა გადავიღო-მეთქი (იცინის).
იქ იყო ხელის შემშლელი რაღაც სერიოზული ფაქტორები, იცით, რომ ბევრი კონცერტი ჩაიშალა. ორგანიზატორებმა, უმაგრესმა ადამიანებმა კონცერტს არ მისცეს ე.წ. უკან სვლა, არ დათმეს და ბოლომდე გაიტანეს ეს ისტორიული მომენტი… ეს სულელური პოლიტიკურად მოტივირებული თემა.
კონცერტზე ყველა მოვიდა, ყველა გაერთო და მე და დათომ დარბაზიდანაც ვთქვით, რომ ჩვენ ყველას ვუმღერით, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ვიღაცას ვუმღეროთ და ვიღაცას არ ვუმღეროთ. რა შეხედულებაც არ უნდა გქონდეს, ჩემი სისხლი ხარ, ხორცი ხარ, ნათესავი ხარ. მადლობას ვუხდი ყველა იქ მოსულ ადამიანს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ორგანიზატორებს, ასევე ცნობილ ქართველ მუსიკოსებს, რომლებიც იქ მოღვაწეობენ, რომლებიც მოვიდნენ, გვერდში დამიდგნენ და ყველანაირად დამეხმარნენ.
ემოციებით დატვირთული მოვდივარ, საქართველო წამოვიღე იქიდან.
მე დიდი კონცერტები არ მაკლია, აქ მასშტაბით უფრო დიდი კონცერტები მქონია, მრავალათასიანი, მაგრამ ნახეთ, გვქონდა კოლაბორაციები, მაგალითად, იყო „Poetry N Motion“, მაიკლ ამიერი, კიდევ სხვა რეპერები.
ყველა იძახდა, რომ ფოლკლორს ან მსგავს სტილს ელოდა და ბოლოს, ვიდეოებს დებდნენ, რომ ჩვენი მუსიკა, ეს არენბი, სოული იპყრობს მთელ მსოფლიოს, მაგრამ საქართველოში უკვე იწერებოდა ეს მუსიკა 30 წლის წინ. ძალიან გაოცებულები იყვნენ, არ ელოდნენ და მოეწონათ.
ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ, კარგ მუსიკას საქართველოში ყოველთვის ქმნიდნენ და ვერ გავაოცებთ ვერავის, მაგრამ ამ განხრით ჩვენ მართლაც პირველი მერცხლები ვიყავით და ვიცავთ და ვინარჩუნებთ ამ ხაზს.
დათო ხუჯაძე: მშვენიერი კონცერტი იყო, საკმაოდ პოზიტიური. კონცერტს სხვადასხვა თაობის ხალხი ესწრებოდა. ძალიან კარგი საღამო იყო, მგონი, ყველა ნასიამოვნები დარჩა.
რამდენ კაციანი დარბაზი იყო?
დათო ფორჩხიძე: 1000.თავიდან უფრო დიდი დარბაზი გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ხელი შეგვეშალა.

არის შესაძლებლობა, რომ კიდევ გამეორდეს ეს საღამო?
დათო ფორჩხიძე: რა თქმა უნდა, აუცილებლად გამეორდება… იქ ისე გაუხარდა ხალხს.
თუ არის საშუალება, რომ აქედან მონატრებული არტისტები ჩაიყვანონ, ნუ შეუშლით ხელს. ვიღაც რომ რაღაცებს პოსტავს და ხელს უშლის, ამაზეა საუბარი. მომღერლები არიან, ამათ არაფერი გაუფუჭებიათ, ამათ არაფერი არ წაურთმევიათ… თუ სადმე დგანან და მღერიან, იმიტომ მღერიან, რომ ეგრე მოუწიათ.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს სიმღერებზე და დათოს სიმღერებზე „ნაგულავები“ აქვთ… გააგრძელე, მე შენთვის ვმღეროდი, ყველასთვის ვმღეროდი, მე არ ვარჩევ. ჩვენი პროფესია სიმღერაა, გვინდა, რომ ხალხს მოვეფეროთ, მეტი კი არაფერი გვინდა.
ალბათ, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომ თქვენი სიმღერები არ იცოდეს, არ უყვარდეს…
დათო ხუჯაძე: ყოველი შემთხვევისთვის, „ სახეს“ გაგონებაზე რაღაც მაინც გაახსენდება იმ დროინდელი, კარგი ოღონდ, ცუდი არა.
დათო ფორჩხიძე: თითქმის დამოუკიდებელი საქართველოს ხელები ვართ. პირველი სახე 1991-ში შეიქმნა.
ჩვენ ვიყავით გზის გამხსნელები, ჩვენს მერე სხვებიც დაფასდნენ. მომღერლები უნდა დაფასდნენ, უნდა ჰქონდეთ თავიანთი სიმღერები და პუბლიკამაც უნდა იხაროს და ისიამოვნოს ამ მრავალფეროვნებით.

საქართველოში როდის გაგვახარებთ კონცერტებით?
დათო ფორჩხიძე: საქართველოში უამრავი კონცერტია, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი დიდი კონცერტი რაღაც თარიღს უნდა დაემთხვეს. მინდა ასეთი კონცერტი, მაგრამ ამას, ალბათ, 2 წელიწადში გავაკეთებ.
ჩვენ გვაქვს 7-8 ისეთი სიმღერა, რომელსაც მთელი ერი ზეპირად მღერის და კონცერტებზე პირველი სიმღერა არის ხოლმე „თოვლი მოსულა“, რომელსაც ხალხს ვამღერებთ ხოლმე, მაგრამ ნიუ-იორკში შემეშინდა და არ გავრისკე, იციან, არ იციან, რა ვიცი-მეთქი. პირველი ხუჯაძის „ო, არ მინდა“-თი დავიწყე, თუ არ იმღერებენ, მერე, აღარ ვამღერებ-მეთქი და ეს „ო, არ მინდა“ რომ დააგუგუნეს და თავიდან ბოლომდე ზეპირად იმღერეს, მერე შევუბერეთ – „თოვლი მოსულა“, „როგორ მინდა მოგეფერო“, „დიდხანს გელოდი“, „მეგობრებთან ერთად“, „მაღლა ხელები“, „წვიმად გადავიქეცი“, „ჩემო თბილის ქალაქო“… არ ჩერდებოდნენ, გვყვებოდნენ…
იქ აქვთ ერთი კარგი თვისება, რომელიც ჩვენს პუბლიკას უჭირს, იმ სიმღერებზეც ცეკვავდნენ და ერთობოდნენ, რომლებიც არ იცოდნენ. ეს ახალი სიმღერის წერის ენთუზიაზმს გისპობს და უნდა იცოდეს ქართველმა პუბლიკამ, რომ უგულშემატკივროს ახალს, რადგან გვაქვს ქავერების ძალიან ცუდი ეპოქა, ბაბუაჩემის სკოლის ასაკის სიმღერებს ვატრიალებთ ახლა და ბოლოს, იშხნელებში ავალთ, ეს არ შეიძლება… ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც აქვს მუზიცირების და ახალი სიმღერების შექმნის შესაძლებლობა.
უბრალოდ სიზარმაცეა მიზეზი?
დათო ფორჩხიძე: არა, არ ეზარებათ. უბრალოდ, ცუდი შედარებაა, მაგრამ ჩვენი მომღერლები ისე არიან, გარე მოვაჭრე რომ ერთ დღესაც ვერ გააცდენს, მათ არ აქვთ ლოდინის ფუფუნება, ყოველდღე დასაქმებულები უნდა იყონ, იმღერონ, მიიწვიონ ამა თუ იმ დაწესებულებაში, იქ კი ახალ ჰიტზე მსმენელი არ დგება და არ ცეკვავს. მსმენელი რომ არ დგება და არ ცეკვავს, მომღერალი ცნობილ სიმღერას ეძებს… არ შეიძლება, ახალიც უნდა შეიქმნას.
აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი ისეთი მომღერალია, რომელსაც ერთი საკუთარი სიმღერაც კი არ აქვს.
დათო ფორჩხიძე: ძალიან ბევრი ცნობილი ვარსკვლავია ასე, მაგრამ ნახეთ, მათ გაუჭირდებათ ისტორიაში დარჩენა.
ფრედი მერკური არ დარჩა იმით, რომ მაგარი ხმა ჰქონდა, დარჩა სიმღერით… იგივე გოგი დოლიძე, იმ თავისი ბრწყინვალე ხმით კი არ დარჩა, იმ თავისი ლამაზი სიმღერებით დარჩა. ჰამლეტ გონაშვილიც კი, რომელიც უნიკალური ხმა იყო… ვერავინ ვერ შევა ისტორიაში ისე, რომ ის, მაგალითად, გოგი დოლიძის „იმერლების იმერლობას“ მღეროდა მაგრად. შენი სიმღერა რომ ტრიალებს და შენს სიმღერას რომ ხალხი მღერის, თვითშეფასება გიმაღლდება და მერე უფრო მეტად პროდუქტიული ხდები.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მიყვარხარ და გახსოვდეს“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
დათო ფორჩხიძე: ლამაზი სიმღერაა. ასეთი სიმღერები და ეს ჟღერადობა აღარ არის. თითქოს, ისეთ ეპოქაში შევედით, რომ ნებისმიერ არაქართული ინსტრუმენტი უკვე ცოდვაა… მინდა, ვუთხრა ქართველებს, რომ კარგია ფანდური, მაგრამ გიტარა უფრო კარგი ინსტრუმენტია, გაცილებით უფრო დახვეწილია.
საქართველო იმიტომ იყო გამორჩეული ქვეყანა ამ რეგიონში, რომ მოიცავდა მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა კულტურის ნაწილს, თუნდაც იმ კერძებში, ჩაცმულობაში, მოქცევაში, მუსიკაში, კინოში. ჩვენში ამერიკულიც იყო, ევროპულიც, აღმოსავლეთი იყოო… ეს ტრადიცია, რამდენიმე ხაზი მაინც უნდა ჩაწყდეს?! თუ პირიქით, უნდა განვითარდეს?! „სახე“ იყო ასეთი, ამერიკული იყო, ამერიკულ-ქართული.
მე ვიძახი, რომ უნდა იყოს კარგი და ცუდი მუსიკა, რომ ეს კარგია, ეს ცუდია, ეს მომწონს, ეს არ მომწონს. ჟანრი ჟანრად ვერ გადაიქცეოდა, რომ მასში გენიოსებს არ ემოღვაწათ, დავუშვათ, რეგეი ვერ იქნებოდა კარგი მუსიკა, იქ ბობ მარლი რომ არ ყოფილიყო. ჩვენც აქ რომ ვუყურებთ, მიდიან კონკურსებზე ქართველი მომღერლები და მღერიან არენბის, სოულის უცხოურ ჟანრის სიმღერებს და იმარჯვებენ და მე მაქვს განცდა, რომ მე, დათომ, „სახემ“ ჩავუყარეთ საფუძველი ამ სკოლას.
სიმღერას რომ დავუბრუნდეთ, ეს სიმღერა არ არის ახალი, უბრალოდ, ახლა დავამუშავეთ, ახლა ჩაიწერა სტუდიური ვერსია. თანამედროვე ჟღერადობაა. არანჟირება ბორიკო შხიანმა გააკეთა.
დათო ხუჯაძე: კარგი, სასიყვარულო, ჩქარი სიმღერაა.
აღსანიშნავია, რომ თუნდაც, მსოფლიოში ბევრი პოპულარული ჯგუფი დაიშალა, როგორ ახერხებთ, რომ ამდენი წელი ერთად მოდიხართ?
დათო ფორჩხიძე: ერთი პერიოდი ჩვენც ხომ დავიშალეთ… ხალხის მოთხოვნა იყო, თორემ ამასთან რა გამაჩერებდა?! (იცინის) დათო ძალიან მიყვარს, ჩემი ძმაა.
დათოსაც არ უყვარს დუეტები და ამოჩემებული აქვს ფრაზა – ჩემი ცხოვრების დუეტი არის ფორჩხიძეო.
ჩვენ ხომ რაღაც უნდა ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის და მე და დათომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთად უნდა ვიმღეროთ. ეს მოგვთხოვა ჩვენმა ქვეყანამ.
ვინც „სახეში“ რაიმე წვლილი შემოიტანა, ვისაც „სახეს“ მუსიკა დაუკრავს, უმღერია, ყველა ჯგუფის წევრად მიმაჩნია. ყველას ჰონორარებს ვერ გადავუხდი, მაგრამ ასეთი ხელგაშილი ვარ (იცინის), არავის არ ვუშლი, რომ ჩვენი სიმღერები იმღერონ. ხშირად, ეს ჩვენ გვაზარალებს, რადგან ცოტა უფრო დაბალ ჰონორარში მღერიან, მაგრამ მე ამ მსხვერპლზე მივდივარ, თუ ემღერება „სახეს“ სიმღერა…
სახე – მიყვარხარ და გახსოვდეს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
სახე. “პრემიერა თაკოსთან