„იუთუბ გადაცემაში“ „თამიასთან“ ცნობილი დერმატოლოგის, ნათია ნუცუბიძის ემიგრანტულ ამბავს გვაცნობენ, რომელიც უკვე სამი წელია, შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს.
„ემიგრაციას არ ვგეგმავდი არასდროს, სულ შემთხვევით დავრჩი ამერიკაში. ერთი კვირით ჩამოვედი კონფერენციაზე და აღმოჩნდა ისე, რომ დავრჩი ემიგრანტად. აღმოჩნდა, რომ 21 კვირის ორსული ვიყავი, მაინც გავრისკე წამოსვლა. ფრენა ძალიან დიდი სტრესი იყო, მაგრამ გავრისკე წამოსვლა, რადგან ვიზა მქონდა აღებული და ჩემი ოცნება იყო კონფერენციაზე დასწრება. როცა ჩამოვედი, დამეწყო სისხლდენა, ექიმებმა მითხრეს, რომ შეიძლება, ორსულობა შეწყვეტილიყო, სიცოცხლის საშიშროებაც იდგა, მირჩიეს, რომ აქ გამეჩინა. გადავწყვიტე ბრუკლინში ჩამოფრენა. ავიღე ოთახი, სადაც გადავედი, ძალიან მძიმე და ცუდი პირობები იყო… სრულიად მარტო ვიყავი ბრუკლინში, იმ ოთახში და ამერიკაში. ვგრძნობდი თავს მარტოსულად, მარტოხელად. ახლა ისე ვნერვიულობ, ვერც გადმოვცემ, პირველად ვსაუბრობ ამ ჩემს ტრაგედიაზე. არ მიჩერდებოდა ფიქრები… ორსული ქალის ფსიქოლოგია როგორი სენსიტიურია, მოგეხსენებათ. მთელი ღამე ტელეფონზე მყავდა ჩემები, ვერ ვისვენებდი, დენებიც არ მიჩერდებოდა. ორი კვირის მერე გადაწყვიტეს ექიმებმა, რომ საკეისრო გაეკეთებინათ. ყოველ მეორე დღეს მივდიოდით ემერჯენსიში, რადგან დენას ვერ ვაჩერებდით. პირველი ჩემი საფიქრალი იყო ჩემი პირველი შვილი, ანასტასია, რომელიც საქართველოში დავტოვე. რომ მოვუყევი, იმდენად განიცადა, რომ არასდროს უსაყვედურებია ჩემთვის… მიხვდა, რა სტრესშიც ვიყავი. გადამიყვანეს კლინიკაში, საკეისრო კვეთა მიმდინარეობდა რვა საათი, ამ რვა საათის განმავლობაში ანესთეზიას ვერ მიკეთებდნენ, რადგან ძალიან ცუდი დენა მქონდა… ამ რვა საათის განმავლობაში ყველანაირი ტკივილი, ყველა შეგრძნება იყო ჩემთან ერთად. არ დამიკარგავს არანაირი შეგრძნება. მახსოვს, ბავშვმა როგორ იტირა, როგორ მომილოცეს, ჩამახუტეს, გადაიყვანეს ინკუბატორში, მერე გავითიშე… როცა თვალები გავახილე, ვიყავი პალატაში და მომინდა ბავშვის ნახვა. მახსოვს ინკუბატორის ხმები, მახსოვს ექთანი, რომელიც უხეშად ექცეოდა ბავშვს… მესამე დღეს ამოდიან ექიმები და მეუბნებიან, რომ ბავშვი კარგავს სისხლს თავის ტვინიდან. ვაჩვენე ვიდეო, ექთანი როგორ ექცეოდა ბავშვს და ვუთხარი, რომ მისი ბრალი იყო, რაც ჩემს შვილს სჭირდა… როდესაც კლინიკიდან გამოგვწერეს, დავბრუნდი ოთახში და გავაგრძელე მარტო ცხოვრება… ძალიან ბევრს ვტიროდი, თავს ვურტყამდი კედელს, ყველა ემოციას გამოვხატავდი, რაც შემეძლო… ბრძოლის წელიწადი და 3 თვე გვქონდა მე და აჩისაც… ოპერაციას ვერ ვუკეთებდით, სანამ ორი კილო არ გახდებოდა… აჩისთან ერთად უკვე სახლში დავბრუნდი და არა ოთახში, სადაც მას თავისი ოთახი ჰქონდა, ძალიან ლამაზად დავხვდით ნანატრ შვილს, რომელიც ამდენი ბრძოლით გადარჩა…
ისეთი ჭორები გამიგია ჩემზე, გულსატკენი. მაგალითად, თურმე ბავშვი მივაგდე კლინიკაში… ძალიან მწარედ გულსატკენი ჭორები იყო…“
