LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სან-სებასტიანში ესპანეთის ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი მდიდრულ სასტუმროდ გადაკეთდა

112
Palacio Bellas Artes

თუ თავს კინოს მოყვარულად მიიჩნევთ, მაშინ სან-სებასტიანის მიმართულებით უნდა დაჯავშნოთ ფრენა, რათა ყოფილ კინოთეატრში კინემატოგრაფიით შთაგონებული დღეები გაატაროთ.

„Palacio Bellas Artes“ გახლავთ აკადემიური ნეოკლასიკური სტილის (Beaux-Arts) 1914 წლის ნაგებობა, რომელიც ოდესღაც ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს კინოდარბაზს წარმოადგენდა და რომელიც ცოტა ხნის წინ 81 ნომრიან სასტუმროდ გადაკეთდა.

სარესტავრაციო პროცესს არქიტექტორი იგნასიო კემადა ხელმძღვანელობდა. პროექტი მოიცავდა შენობის საკულტო გუმბათის რეკონსტრუქციასა და ფასადის განახლებას.

კინოთეატრის პირვანდელი გეგმარების ნაწილობრივ შენარჩუნების წყალობით, სტუმრები სასტუმროში ყოფილი სცენის გავლით შედიან, სანამ პროსცენიუმის (სცენის წინა ნაწილი) თაღის ქვეშ გაივლიან.

აღსანიშნავია, რომ „Palacio Bellas Artes, Curio Collection by Hilton“ ნაწილობრივ სასტუმრო, ნაწილობრივ გალერეაა. ბასკმა ხელოვანმა ლანდერ ანდონეგიმ სპეციალურად ამ სივრცისთვის შექმნა 81 ნამუშევრისგან შემდგარი კოლექცია (თითო ნახატი თითოეული ნომრისთვის), რომელიც ვერცხლისფერი ეკრანითაა შთაგონებული.

სასტუმროს ნომრების კატეგორიებიც კინოთეატრის თემატიკითაა შთაგონებული: აქ შეხვდებით გალერეის, ამფითეატრისა და გრანდიოზული პარტერის ტიპის ნომრებს, ისევე როგორც ფრონტალურ და კუთხის ლოჟის ლუქსებს.

„Palacio Bellas Artes“-ს ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე არის რესტორანი „Lotu“, რომელიც ორ სართულზე, კინოთეატრის ყოფილი ლოჟის ტერიტორიაზეა განთავსებული. ეს სახელწოდება ბასკურ ენაზე ნიშნავს „კავშირის გაბმას“ და წარმოადგენს მინიშნებას მე-20 საუკუნის დასაწყისის იმ დიდებულ სასადილო დარბაზებზე, სადაც მსახიობები, მწერლები და კინორეჟისორები იკრიბებოდნენ. შეფმზარეულ ანდონი ლუის ადურისის მიერ შედგენილი მენიუთი სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც კლასიკური კერძები, ისე თანამედროვე დელიკატესები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები