დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 16 და 17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე ღამის საათებში ე.წ. „კომენდანტის საათი“ ამოქმედდება.
გეგმის მიხედვით, სოციალური ქსელების აპლიკაციები სტანდარტულად ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დაიბლოკება. თუმცა შეზღუდვა სავალდებულო არ იქნება – მომხმარებლებს სურვილის შემთხვევაში მისი გამორთვა შეეძლებათ.
ამასთან, გაითიშება ისეთი ფუნქციებიც, რომლებიც მომხმარებლის პლატფორმაზე დიდხანს დარჩენას უწყობს ხელს, მათ შორის:
- ვიდეოების ავტომატური ჩართვა;
- უსასრულო სიახლეები;
- პერსონალიზებული რეკომენდაციების ნაწილი.

ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, მიზანია მოზარდებში ძილის ხარისხის გაუმჯობესება, კონცენტრაციის გაზრდა და სოციალური მედიის გადაჭარბებული გამოყენების შემცირება. მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საპილოტე პროგრამების შედეგებმა აჩვენა, რომ ღამის შეზღუდვების გამოყენებისას ახალგაზრდებს უკეთესი ძილი და ყურადღების კონცენტრაცია აღენიშნებოდათ.
თუმცა ინიციატივას კრიტიკოსებიც ჰყავს. მათი შეფასებით, რადგან შეზღუდვის გამორთვა თავად მომხმარებლებს შეეძლებათ, მისი ეფექტურობა შესაძლოა შეზღუდული იყოს. ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ მხოლოდ მსგავსი ზომები სოციალური ქსელების მავნე გავლენის პრობლემას სრულად ვერ გადაჭრის.
ინიციატივა ბრიტანეთის მთავრობის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს. მანამდე ხელისუფლებამ ასევე გამოაცხადა, რომ 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვის გეგმაზეც მუშაობს.