LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მოვწონდი ყველას – საზღვრებს შიგნით თუ გარეთ…“ – რატომ არ იცვამდა ძვირად ღირებულ ბრენდებს პირველი ლედობის დროს მაკა ჩიჩუა

544
მაკა ჩიჩუა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე, მაკა ჩიჩუა ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, თუ როგორი იყო ის წლები, როცა პირველი ლედის ტიტულს ატარებდა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– სხვა სტერეოტიპებიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, თუნდაც ის, რომ პირველი ლედი ასოცირდება ხელოვნურ დავარცხნილობასთან, თქვენ ყოველთვის ინარჩუნებდით ბუნებრიობას. იყო ამის გამო გარკვეული წნეხი?

– არა, ძალიან მოვწონდი ყველას – საზღვრებს შიგნით თუ გარეთ და ჩემს გარეგნობასა თუ ჩაცმულობაზე ყოველთვის დადებითად საუბრობდნენ. ერთი-ორი გამოერეოდა და იტყოდა, რატომ არ აქვს თმა კარგად დავარცხნილიო, მაგრამ ძირითადად, აღტაცებას გამოხატავდნენ. უცხოურ ვიზიტებშიც რომ მივყვებოდი გიორგის, საელჩოებშიც გვეუბნებოდნენ, გვიხარია ჩვენს ქვეყანას რომ ასე წარმოაჩენთო. ცივილურ საზოგადოებაში ბუნებრიობა ყველას მოსწონს.

– ალბათ, ბევრს წარმოედგინა, რომ ფეშენებელურ უბანში უნდა გეცხოვრათ და უკვირდათ კიდეც, რატომ ცხოვრობდით რაიონში – ესეც ხომ სტერეოტიპია…

– ნამდვილად ასე იყო. სუპერმარკეტში პროდუქტების რიგში ზურგს უკან მესმოდა ჩურჩული, ის არის? სხვა გაეპასუხებოდა, არა, აქ როგორ დადგებოდა, რიგშიო. სადმე რომ შევიდოდი, როგორც „ჩვეულებრივი მოკვდავი“, როგორც მანამდე, უკვირდათ.

– ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ძვირდად ღირებულ ბრენდებს მოირგებდით…

– კი, ეგ ინტერესიც იყო, აბა, რა ბრენდი აცვია?! დავიწყოთ იმით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იმ ხელფასით, რაც გიორგის ჰქონდა და მეც ჩემი არასტაბილური შემოსავლით, ამ ღირებულების ტანსაცმელს როგორ გავწვდებოდი?! გიორგის 5 000 ლარი ჰქონდა ხელფასი. მეორე – ტანსაცმელში როგორ უნდა დავხარჯო დიდი ფული, ვის ვაკვირვებ ამით? გარდა ამისა, არაჩვეულებრივი დიზაინერი მყავდა, მე მხატვარი ვარ და თვითონაც ვაკეთებდი კოსტიუმებს და ჩვეულებრივ, ჩემთვის სანდრო მკერავს ვაკერინებდი. მერე დათუნა სულიკაშვილმა შემომთავაზა თანამშრომლობა და მე მომწონდა მისი ნამუშევრები. ერთად ვაკეთებდით კოსტიუმებს დიდი პრეზენტაციებისთვის. ეგ კი არა, რაც მქონდა, იქიდან რაღაცები გადავაკეთეთ და ამ ტანსაცმლით მოვწონდი ყველას. მე ვფიქრობ, რომ ინდივიდუალობა არ უნდა დაკარგო. არ უნდა შეეცადო, შენი თავისგან ტანსაცმლით შექმნა რაღაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თავი არ უნდა აწვალო და როგორიც ხარ, იმისგან უნდა შექმნა საინტერესო პერსონაჟი. ეს არის ყველაზე მთავარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები