საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბში „თუმო ქუთაისი“ (TUMO Kutaisi) დაფუძნდა. თუმოს პირველი ცენტრი გათვლილია ერთდროულად 1200-მდე მოსწავლეზე და მიზნად ისახავს მოზარდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზებას.
თუმო საერთაშორისო აღიარებული საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. პროგრამა ორიენტირებულია 12-18 წლის ახალგაზრდების ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. სწავლების მოდელი ეფუძნება თვითმართვადი სწავლების პრინციპს და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ.
აღსანიშნავია, რომ „თუმო ქუთაისი“-ში სწავლა მოსწავლეებისთვის სრულად დაფინანსებულია, რაც პროგრამას ხელმისაწვდომს ხდის ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისთვის.
„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არის ადგილი, სადაც მომავლის ეკონომიკა იწყება განათლებით. თუმოს გახსნა ამ ეკოსისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან სწორედ აქ მიიღებენ ახალგაზრდები იმ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც მათ ტექნოლოგიურ ლიდერებად ჩამოაყალიბებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა სრულად დაფინანსებულია და ხელმისაწვდომია ყველა მოტივირებული მოზარდისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველოს თითოეულ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა მსოფლიო დონის ტექნოლოგიურ განათლებაზე, ხოლო ქუთაისი ჩამოყალიბდეს რეგიონულ ცენტრად, სადაც განათლება, ინოვაცია და ტექნოლოგიური მეწარმეობა ერთ სივრცეში ვითარდება”,- განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ.
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის – პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებას, მუსიკას, ხატვასა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (Generative AI) საფუძვლებს. აღნიშნული მიმართულებები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მრავალმხრივ განივითარონ როგორც ტექნიკური, ისე შემოქმედებითი კომპეტენციები და პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მიიღონ.
ცენტრის მთავარი პარტნიორია „საქართველოს ბანკი“, რომლის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია რეგიონში თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებისა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისთვის.
