LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული მიმართულებები, სადაც ტურისტებს კარგი ქცევისთვის აჯილდოებენ

149
ბრემენი

მაშინ, როცა ჭარბ ტურიზმთან საბრძოლველად ევროპის ათობით პოპულარულმა მიმართულებამ მოგზაურთათვის ჯარიმები, გადასახადები და სხვა შეზღუდვები დააწესა, კოპენჰაგენმა სრულიად განსხვავებული მიდგომა აირჩია.

დანიის დედაქალაქმა ინიციატივის „CopenPay“ ფარგლებში პასუხისმგებლობის მქონე ტურისტების დაჯილდოება დაიწყო. ამ პროგრამის მთავარი მიზანია, მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობის ფარგლებში, მოგზაურებს დაანახოს, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა სინამდვილეში მარტივია. წახალისების ფორმები მოიცავს ველოსიპედების უფასო გაქირავებას, ნავით გასეირნებას და სადილებს იმ მოგზაურთათვის, რომლებიც სარეკრეაციო სივრცეებში ნაგავს აგროვებენ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ.

კოპენჰაგენის მაგალითს ევროპის სხვა ქალაქებიც მალევე მიჰყვნენ. მაგალითად, ბრიტანეთში, ექსმურის ეროვნულ პარკში, ამოქმედდა პროექტი „Pay with Care“, რომლის ფარგლებშიც, ვიზიტორები 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ, თუკი შეაგროვებენ ნაგავს, აწარმოებენ ველური ბუნების შესახებ ჩანაწერებს, ივლიან ველოსიპედით ან იმგზავრებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ამ ყველაფრის შესახებ სოციალურ ქსელებში პოზიტიურ პოსტებს გააზიარებენ.

იტალიაში, სათხილამურო კურორტი Via Lattea იმ მოგზაურებს, რომლებიც ოულსში (Oulx) მატარებლით ჩადიან, საბაგიროს ბილეთებზე 20–25%-იან ფასდაკლებას უკეთებს. საფრანგეთში, რკინიგზის მგზავრები 10%-იან ფასდაკლებას იღებენ სამდღიან და უფრო ხანგრძლივ სათხილამურო საშვებზე Les Gets-Morzine-ისა და Portes du Soleil-ის სათხილამურო ზონებში, აგრეთვე მნიშვნელოვან ფასდაკლებებს სათხილამურო აღჭურვილობის დაქირავებაზე, გაკვეთილებზე, განთავსებასა და სხვა აქტივობებზე.

შვეიცარიაში მოგზაურები, რომლებიც ქვეყნის შესასწავლად საზოგადოებრივ ტრანსპორტს ირჩევენ, Swiss Travel Pass-ით 500-ზე მეტ მუზეუმში უფასოდ შედიან და სამთო რკინიგზების უმეტესობაზე 50%-მდე ფასდაკლებას იღებენ.

ის ვიზიტორები, რომლებიც საფრანგეთის ჩრდილოეთ რეგიონში ავტობუსით, მატარებლით ან ველოსიპედით ჩადიან, 10%-იან ფასდაკლებას იღებენ ციხესიმაგრეებში, მუზეუმებში შესასვლელად, ველოსიპედების დაქირავებაზე, კანოეთი ცურვასა და ეგრეთ წოდებულ Escape Room-ებში.

გერმანულმა ქალაქმა ბრემენმა 2026 წლის მაისში აამოქმედა პროექტი „BremenPay“, რომლის ფარგლებში, თუკი მოგზაური წარადგენს ქალაქში მატარებლით ან ველოსიპედით ჩასვლის დამადასტურებელ დოკუმენტს (მაგალითად, ფოტოს ან ბილეთს), იღებს ისეთ ჯილდოებს, როგორიცაა: ქალაქის უფასო ტურები, ყავა და ფასდაკლება ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე შესასვლელ ბილეთებზე.

მიმდინარე წლის მაისიდან ივნისამდე პერიოდში საპილოტე რეჟიმში მოსინჯა ინიციატივა „BerlinPay“ ბერლინმაც. აღნიშნული სქემა ქალაქის წყლის არტერიების ირგვლივ იყო ფოკუსირებული. ტურისტები, რომლებიც ისეთ აქტივობებში ერთვებოდნენ, როგორიცაა ნაგვის შეგროვება და ველოსიპედით სიარული, გარკვეულ სერვისებზე ფასდაკლებებით ჯილდოვდებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები