LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6 პაციენტი პედიატრიული ასაკის არის“… „საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა, ახლახან დაოჯახდა, თანამედროვე მიკროავტობუსი ჰყავდა“ – როგორია გომის მთაზე დაშავებულების მდგომარეობა და რას ჰყვებიან ადგილობრივები მომხდარ ტრაგედიაზე

3320
ტრაგედია გომის მთაზე

12 აგვისტოს, ღამით, გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. გარდაცვლილები ბელორუსიის მოქალაქეები არიან.

გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 ადამიანი მალევე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებულთან ნაწილი კი ჩოხატაურის კლინიკაში.

ვინ არიან გომის მთაზე, მძიმე ავარიისას დაღუპულები – ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან

როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტოლოგი ანა კოჩაძე აცხადებს, დაშავებულებიდან 6 პაციენტი პედიატრიული ასაკისაა.

„ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შემოყვანილია 11 პაციენტი, აქედან 6 პაციენტი არის პედიატრიული ასაკის, 5 კი მოზრდილი. აქედან, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც შედარებით მძიმე პაციენტები არიან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება“, – განაცხადა ექიმმა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები მომხდარის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ საუბრობენ.

„სამწუხარო ფაქტია, ჯერ ითქვა ორი ადამიანია გარდაცვლილიო, მერე ოთხამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი, როგორც ვიცი, უცხოელები არიან ყველანი. საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა, ის მართავდა, ისიც დაშავებულია და კლინიკაშია გადაყვანილი. ბჟუჟჰესთან არის ავარია მომხდარი. გომისმთიდან მოდიოდნენ, ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო. ბელორუსიის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები დანარჩენები. რატომღაც ეს საცოდავები, როცა დაბლა ჩამოვიდნენ, იქ არის ავარია მომხდარი. როგორც ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, ხეს დაეჯახა მანქანა, მუხრუჭებიდან გამომდინარეო. ზუსტად რამ გამოიწვია არ ვიცი. გზა ძალიან კარგად არის გაკეთებული. არაჩვეულებრივი გზა გაკეთდა, მართლა საშვილთაშვილო და რამ გამოიწვია არ ვიცი. როგორც გავიგე, ბავშვებიც იყვნენ და ძალიან მძიმედ არიანო გადაყვანილი საავადმყოფოში. მეტი დაზუსტებული არაფერი ვიცი.

ისეთი ამბებია, ძალიან ბევრი ტურისტი დადის, განსაკუთრებით ბელორუსები, უზბეკები ჯგუფებად დადიან. სამწუხარო ამბავია და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. სულ ცოტა 18 ადამიანი იჯდა. საშინელი ამბავი მოხდა, თან ჩამოსულები იყვნენ უკვე დაბლა, მთიდან რომ დაეშვები, იქ სამი გორაა გადმოსასვლელი, ერთია ეს მიხვეულ-მოხვეული გზები და დაბლა რომ ჩამოდიხარ, იქ არ არის საფრთხე, რამდენიმე ნაბიჯში უკვე სოფელი გომი იწყება და თითქმის დაბლა არიან ჩამოსული, სამშვიდობოს ჩამოსულებს დაემართათ ეს უბედურება. ხეს დასჯახებია, მერე ის ხე გადატყდაო. იქვე ხრამში არ ჩაცვივდნენ, ხემ შეაჩერაო“, – ამბობენ „კვირის პალიტრასთან“ ადგილობრივები.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც მიკროავტობუსის მძღოლის მეზობელი სოციალურ ქსელში წერს, მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცია და მას ახალი, ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსი ჰყავდა.

„ეს მანქანა სულაც არ იყო ძველი, ნუ წერთ ჯართიაო. პირიქით ახალი მიკროავტობუსი იყო, სპრინტერი მერსედესის მარკის. ახლახან იყიდა, ჩამოაყვანინა დიდი ხანი არცაა გასული, საათივით იყო გამართული. რა მოხდა არ ვიცი და ძალიან ვწუხვარ, საოცარი ბიჭია, საოცარი ოჯახი აქვს. ჩემი მეზობელია. თვითონაც საავადმყოფოში ჰყავთ ჯერ. ორსული ცოლი ჰყავს, ახლახან დაოჯახდა. ეს ბიჭი თბილისის ხაზზე მუშაობდა. ძალიან თანამედროვე მიკროავტობუსი იყო. რა მოხდა, არ ვიცი, ვფიქრობ უბრალოდ მანქანამ უღალატა. ძლიერი მძღოლი იყო, არანაირი ნასვამი და არანაირი ჯართი, როგორც აქ წერენ“ – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ანა კოჩაძის ფოტო სლაიდზე „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები