მაილი საირუსი ნათლიის, ქანთრი მუსიკის ლეგენდის, დოლი პარტონის გარდაცვალებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა. მომღერალმა პარტონს „მფარველი ანგელოზი“ უწოდა.
საირუსმა, რომელიც პარტონს ბავშვობიდან სიყვარულით „დეიდა დოლის“ ეძახდა, „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე საკულტო არტისტის შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს საკუთარი განცდები გაუზიარა.
„დეიდა დოლის დაკარგვით გამოწვეული გრძნობა იმაზე დიდია, ვიდრე ამის საჯაროდ გაზიარება მიმაჩნია სწორად. ჩვენი ყველაზე წმინდა მომენტები პირადი იყო და ისინი კვლავ იქ დარჩება — სცენის მიღმა, ბრწყინვალების მიღმა და ჩვენ გულებს შორის.
რაც დაზუსტებით ვიცი, არის ის, რომ დოლის ენდომებოდა ეს ტკივილი ბოლომდე მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა გამეგრძელებინა და ძლიერი ვყოფილიყავი. ჩემ გვერდით ახლა მისი სახით ანგელოზია. ის ყოველთვის მხარს მიჭერდა. ჩვენი ერთ-ერთი ბოლო საუბარი მუსიკასა და მეტამორფოზას ეხებოდა,“ — დაწერა მაილიმ.
მომღერალმა ხაზი გაუსვა, რომ პარტონი მისთვის უდიდესი შთაგონების წყარო იყო და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მან მისით იამაყოს.
,,მე ის ყოველთვის მეყვარება და მინდა, რომ ჩემით იამაყოს. გული მიკვდება მთელი სამყაროს, მისი ოჯახისა და მეგობრების გამო, ვისაც ის ძალიან დააკლდება. ჩვენ ერთად ვართ ამ დიდ დანაკარგში და მას ჩვენ ყველაზე ლამაზ და ძვირფას მოგონებებში დავინახავთ…”
დოლი პარტონი მაილი საირუსის ნათლია 1992 წელს, მისი დაბადებისთანავე გახდა, რადგან მაილის მამასთან, ბილი რეი საირუსთან, მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა.
მათი ურთიერთობა მხოლოდ საოჯახო კავშირით არ შემოიფარგლებოდა. პარტონი თამაშობდა „დეიდა დოლის“ როლს პოპულარულ თინეიჯერულ სერიალში – „ჰანა მონტანა“, რამაც ის ახალი თაობის მაყურებელსაც შეაყვარა.
წლების განმავლობაში ნათლიამ და ნათლულმა არაერთი დაუვიწყარი მუსიკალური ნომერი შექმნეს. მათ ერთად შეასრულეს პარტონის საკულტო ჰიტი – Jolene, ჩაწერეს დუეტი Rainbowland და შექმნეს საირუსის სიმღერის, Wrecking Ball ახალი ვერსია. მათი ბოლო ერთობლივი ნამუშევარი 2026 წლის იანვარში ჩაწერილი კომპოზიცია – Light of a Clear Blue Morning გახდა.
დოლი პარტონი 80 წლის ასაკში, კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა.