პაატა ბურჭულაძის სარჩელის განხილვა კობა დავითაშვილს განცხადებებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ბურჭულაძის ადვოკატი, მარიამ ჩიქოვანი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია და იმედოვნებს, რომ სასამართლო კობა დავითაშვილს “ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფას დააკისრებს”.
„სწორედ ერთი ადამინის ღირსების დასაცავად, შესაძლებელია შეიზღუდოს მეორე ადამიანის გამოხატვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო პირებთან მიმართებაში ე.წ. „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები ფართოა, ის არ შეიძლება გადავიდეს მეორე ადამიანის პატივისა და ღირსების ხელყოფაში. სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ავრცელებდე ცილისმწამებლურ განცხადებებს და მტკიცებით ფორმაში საუბრობდე, რომ ადამიანი დამნაშავეა და შეგნებულად არღვევდე უდანაშაულობის პრეზუმფპციას.საქართველოს კანონმდელობის შესაბამისად, ცილისწამებას შესაბამისი სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება,“ – აცხადებს მარიამ ჩიქოვანი.
კობა დავითაშვილმა “ტვ პირველის” ეთერით, გადაცემაში „რეაქცია“, პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანაში“ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საქველმოქედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში დასდო ბრალი.