LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივი უანდერი ქალის გამოსახლებას ითხოვს, რომელიც მის სახლში თითქმის 40 წელია უფასოდ ცხოვრობს

394
Untitled Design (8)

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი სტივი უანდერი სასამართლოსგან ნებართვას ითხოვს, რომ კალიფორნიაში მდებარე საკუთარი სახლიდან ქალი გამოასახლოს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ თითქმის ოთხი ათეული წელია უფასოდ ცხოვრობს.

PEOPLE-ის ინფორმაციით, 76 წლის „გრემის“ მფლობელმა მომღერალმა ლოს-ანჯელესის უმაღლეს სასამართლოში სარჩელი 22 ოქტომბერს შეიტანა. ის სასამართლოსგან კარმენ ეფერსონის საცხოვრებლიდან გასვლას მოითხოვს. როგორც გამოცემა წერს, ეფერსონი მომღერლის ყოფილი საცოლეა.

სასამართლოში წარდგენილი სარჩელის თანახმად, უანდერსა და ეფერსონს ზეპირი შეთანხმება ჰქონდათ, რომლის საფუძველზეც ქალს 1988 წლიდან მუსიკოსის სახლში ცხოვრების უფლება მიეცა. თუმცა, როგორც სარჩელშია აღნიშნული, მათ შორის უთანხმოება მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო.

სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტებს თან ერთვის 23 ივლისით დათარიღებული ელექტრონული წერილიც, რომელშიც ქალს ატყობინებდნენ, რომ ინსპექტორი 30 ივლისს საცხოვრებელში მივიდოდა. ვიზიტის მიზანი, წერილის თანახმად, უძრავი ქონების დაზღვევის შესანარჩუნებლად საჭირო შემოწმების ჩატარება იყო.

სარჩელის მიხედვით, ეფერსონმა წერილს ორი დღის შემდეგ უპასუხა და განაცხადა, რომ მოთხოვნას არ დაემორჩილებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ თავს შევიწროებულად გრძნობდა და შემოწმებაზე თანხმობას არ გასცემდა.

აღსანიშნავია, რომ სტივი უანდერისა და კარმენ ეფერსონის ურთიერთობის შესახებ ჯერჯერობით ბევრი დეტალი საჯაროდ ცნობილი არ არის.

სტივი უანდერმა საკულტო ალბომის – Songs in the Key of Life 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიო ტურნე დააანონსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები