ბიონსე საკუთარ თმის მოვლის ბრენდს, Cécred დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში აფართოებს. ეს არის ბრენდის პირველი უმსხვილესი საერთაშორისო ნაბიჯი აშშ-ის ბაზრის გარეთ, რომელიც სილამაზის პროდუქტების ცნობილ ბრიტანულ საცალო ქსელ Space NK-თან პარტნიორობით ხორციელდება. პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ისე ქსელის ფიზიკურ მაღაზიებში.
ამ მნიშვნელოვან ბიზნეს-სიახლესთან დაკავშირებით, ბიონსე 20-წლიანი პაუზის შემდეგ ბრიტანული კულტურული ჟურნალის, i-D-ის ექსკლუზიურ ზინში დაბრუნდა.
ექსკლუზიური ზინი წარმოადგენს შეზღუდული ტირაჟის საკოლექციო მინი-ჟურნალს ან ბუკლეტს, რომელიც დამზადებულია კონკრეტული არტისტული პროექტისთვის. ის გამოირჩევა უნიკალური ვიზუალური ესთეტიკითა და ერთ თემაზე ფოკუსირებული შიგთავსით.
ახალ სპეციალურ გამოცემაში ვარსკვლავი გულახდილად საუბრობს თავის თმაზე, ოჯახზე, კარიერასა და ლონდონის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულზე.
შეგახსენებთ, რომ ბიონსემ თმის მოვლის საშუალებების ბრენდი – Cécred, 2024 წლის თებერვალში დააარსა. ბიონსესთვის ეს ბრენდი ძალიან პერსონალურია. ის შთაგონებულია დედის, ტინა ნოულზის თმის სალონით. როგორც ცნობილია, ბრენდი თანამშრომლობს ბიონსეს საქველმოქმედო ფონდთან – BeyGOOD. ისინი ყოველწლიურად $500,000-ს გამოყოფენ კოსმეტოლოგიის სტუდენტების სტიპენდიებისა და თმის სალონების მფლობელთა გრანტებისთვის.