რეპერი, პროდიუსერი და ბიზნეს-მაგნატი ჯეი-ზი ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონატზე წარდგება. აღნიშნული განცხადება NFL-მა, Apple Music-მა და თავად არტისტის გასართობმა კომპანია Roc Nation-მა ორშაბათს ღამით, ტრადიციული Monday Night Football-ის მსვლელობისას გაავრცელეს.
ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან 2019 წლიდან მოყოლებული, Roc Nation NFL-ის ოფიციალური პარტნიორია და თავად უწევს ორგანიზებას სუპერ-ბოულის მუსიკალურ პროექტებს. აქამდე ბრუკლინელი რეპერი მუდამ კულისებში რჩებოდა და თავად იღებდა გადაწყვეტილებას, თუ ვინ ავიდოდა სცენაზე, თუმცა ამჯერად მან სუპერ-ბოულის შესვენების შოუს მთავარ შემსრულებლად საკუთარი თავი აირჩია.
„Reasonable Doubt-იდან სუპერ-ბოულის სცენამდე – ეს იყო ნამდვილი მოგზაურობა. ოცდაათი წლის მუსიკა, შრომა და კულტურა მსოფლიოს უდიდეს სცენაზე. ეს გზა კვლავაც ახდენილ ოცნებად რჩება“, – აღნიშნა ოფიციალურ განცხადებაში 25-გზის ,,გრემის” ლაურეატმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა.
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ სწორედ ჯეი-ზი გააფორმებს მუსიკალურად სუპერ-ბოულის ტაიმებს შორის შესვენებას, კულუარებში აქტიურად დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ ვის მიიწვევს ის სცენაზე სპეციალურ სტუმრებად. მოლოდინების სათავეში, რა თქმა უნდა, მისი მეუღლე, პოპ-დივა ბიონსე იმყოფება.
ამერიკული მედიის შეფასებით, ეს იქნება 2027 წლის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მუსიკალური მოვლენა, რომელსაც პირდაპირ ეთერში 100 მილიონზე მეტი ადამიანი მიადევნებს თვალს. შოუს ტრანსლაციას ტელეკომპანიები ESPN და ABC უზრუნველყოფენ.
61-ე სუპერ-ბოული 2027 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს, კალიფორნიაში, ინგლვუდის ცნობილ SoFi Stadium-ზე გაიმართება.