დუა ლიპა საზოგადოებისა და მოდის კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. მომღერალი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ WSJ. Magazine Innovator Awards-ის წითელ ხალიჩაზე ექსტრავაგანტური და რეტრო სტილით გამოჩნდა, რაც სოციალურ ქსელებში მალევე გახდა განხილვის მთავარი თემა.
პოპ-ვარსკვლავმა საღამოსთვის Chanel-ის მაღალი მოდის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის კრემისფერი ტვიდის კოსტიუმი მოირგო, რომელსაც შავი ბუმბულების პრინტი და საყელო ამშვენებდა. თუმცა, მისი იმიჯის მთავარ აქცენტად 60-იანი წლების სტილის დიდი შავი ქუდი იქცა, რის გამოც მოდის ექსპერტებმა მის ლუქს ,,მდიდარი პარიზელი სოციალიტეს” სტილი უწოდეს.
31 წლის არტისტი ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და რეპერ A$AP Rocky-სთან ერთად ფრანგული მოდის სახლ ,,შანელის” კრეატიულ დირექტორს, მეთიუ ბლაზის მოდის სფეროში ,,წლის ინოვატორის” ჯილდო გადასცა.
საღამოს კიდევ ერთი მთავარი ტრიუმფატორი ესპანელი შემსრულებელი როსალია გახდა, რომელიც ,,წლის ინოვატორად” მუსიკის სფეროში დასახელდა.
დაჯილდოებას, რომელიც სხვადასხვა სფეროს წამყვან ფიგურებს აერთიანებს, კულტურისა და შოუბიზნესის უამრავი ვარსკვლავი დაესწრო.