LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Anthropic საფონდო ბირჟაზე $1.4 ტრილიონამდე შეფასებით გამოდის

135
Anthropic

ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყების პირველ კვირებში, სავარაუდოდ, დიდწილად დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ინვესტორების ინტერესზე, არამედ ინდექსურ ფონდებზე, რომლებსაც კომპანიის აქციების შეძენა მოუწევთ. Claude-ის ჩატბოტის შემქმნელი IPO-ს ფარგლებში 825 მილიონი აქციის გაყიდვით 64.4 მილიარდ დოლარამდე მოზიდვას გეგმავს. აქციების ფასი 70-დან 78 დოლარამდე განისაზღვრება, რაც კომპანიის საბაზრო ღირებულებას მაქსიმუმ 1.4 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის.

ანალიტიკოსები Anthropic-ის ბირჟაზე გასვლას ილონ მასკის SpaceX-ის ივნისის IPO-ს ადარებენ. SpaceX-ის მაგალითზე მსხვილმა ამერიკულმა ინდექსებმა, მათ შორის Nasdaq-მა, შეცვალეს კომპანიების ინდექსებში ჩართვის წესები, რაც ბირჟაზე დებიუტიდან მალევე აქციების შეძენას უზრუნველყოფს.

Reuters-ის ინფორმაციით, Anthropic-ის აქციები ბირჟაზე განთავსებიდან 5-15 დღეში სულ მცირე ექვს მსხვილ საფონდო ინდექსში მოხვდება. მათ შორისაა FTSE USA, S&P Total Market Index და Nasdaq 100. ეს ნიშნავს, რომ ინდექსების მიმდევარმა საინვესტიციო ფონდებმა კომპანიის აქციები ავტომატურად უნდა შეიძინონ. ანალიტიკური კომპანია Intropic-ის შეფასებით, ამგვარი მოთხოვნა IPO-ს ფარგლებში შეთავაზებული აქციების დაახლოებით 28%-ს, ანუ 19 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ამ მოლოდინმა აქციებზე მოთხოვნა ვაჭრობის დაწყებამდეც შეიძლება გაზარდოს. მსგავსი ვითარება SpaceX-ის ბირჟაზე გასვლისას დაფიქსირდა: კომპანიის აქციების ფასი ვაჭრობის მესამე დღეს საწყის მაჩვენებელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. Anthropic-ის შემთხვევაშიც დამატებითი შესყიდვების ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა აქციებზე ოფციონებით ვაჭრობის დაწყება იყოს.

ამასთან, Anthropic-ის საჯარო შეთავაზება კომპანიის მთლიანი აქციების მხოლოდ დაახლოებით 6%-ს მოიცავს. შეთავაზების ფარგლებში საცალო ინვესტორებისთვისაც გაზრდილი წილი გამოიყოფა, SpaceX-ის მსგავსად. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აქციების საწყისი ზრდა გარანტირებული არ არის და შემდგომი დინამიკა შესაძლოა შეიცვალოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიის ადრეული ინვესტორებისა და თანამშრომლებისთვის აქციების გაყიდვის შეზღუდვები მოიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები