გოდერძის სათხილამურო კურორტი 28 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, სეზონის ოფიციალურ გახსნაზე ნაჩვენები იქნება კურორტი გოდერძის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი, მთელი დღის განმავლობაში იქნება DJ-ის მუსიკალური გაფორმება, აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული ანსამბლი „ბერმუხა“. იქნება სხვადასხვა გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდება.
მათივე ცნობით, სათხილამურო კურორტზე არის ორი დიდი, გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო, 2018/19 წლის სეზონზე კი მას შეემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი მოძრავი ხალიჩა. ამასთან, მოეწყო საბავშვო არეალი და გაიხსნა სწრაფის კვების ობიექტები.
კურორტზე 12 ადამიანზე გათვლილი ერთი სასტუმრო და 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯია. ასევე, გაიხსნა ახალი განთავსების ადგილი სასტუმრო „დავითიც“, რომელშიც 13 ნომერია და 40 ადამიანი თავსდება. სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი – 2366 მეტრია.