კანადური მსხვილი საინვესტიციო კომპანია KAMKON INVESMENTS საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კანადური საინვესტიციო კომპანიის KAMKON INVESMENTS – ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კანადური კომპანიის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც რუსთავში 400 ჰა მიწის ფართობზე სამრეწველო ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მხეიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს ინდუსტრიული ქალაქის განთავსებას 400 ჰექტარ მიწის ფართობზე ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში, ასევე ინდუსტრიული ჰაბის, ლოგისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობა. პრეზენტაციის წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილია 4000-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელის დასაქმება, ხოლო მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა.
„ეს არის ძალიან საინტერესო წინადადება. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ აღნიშნული პროექტის განვითარებას, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ. მისი თქმით, კანადელი ინვესტორების არჩევანი რუსთავის მიმართ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა – პირველია, ისტორიულ-საკადრო ექსპერტიზა, რომელიც რუსთავში წლების მანძილზე არსებობდა; ასევე ტერიტორიული სიახლოვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან.
„მსგავსი ინდუსტრიული ქალაქები სხვა ქვეყნებშიც გვაქვს აშენებული, რომელთა ძირითად მიზანსაც სხვადასხვა პროფილის სამრეწველო საწარმოების ამოქმედება წარმოადგენს. ჩვენი ინტერესია სამშენებლო და სამრეწველო პროდუქციის წარმოება, მათ შორის, ისეთიც, რომლებსაც საქართველოშიც მოიხმარენ,“ – განაცხადა კომპანია KAMKON INVESMENTS – ის დირექტორმა ამირ ქაზემი ტაფრეშიმ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან საინვესტიციო პროექტთან მიმართებაში გაგრძელდება.