LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომის მადრიდი: როგორია არაოფიციალური მადრიდი

1131

მადრიდში გამგზავრებამდე, თბილისის აეროპორტში, ფორტუნას ცნობილი ექსწამყვანი ხატია შამუგია შემხვდა და რომ გაიგო სად მივდიოდი, მადრიდის ქებად დაიღვარა – ნეტა შენ ადგილზე ვიყო, მსოფლიოში ყველაზე მაგარ ქალაქში მიდიხარო (არადა, არც თავად მიდიოდა ცუდ ადგილზე). მსოფლიოში საუკეთესოა თუ არა, ეს ინდივიდუალური საკითხია, მაგრამ ერთიანობაში მართლაც რომ მაგარი ქალაქია, ამას რა ბევრი მტკიცება უნდა.

სახელწოდება მადრიდი არაბულ წარმოშობას უკავშირდება. ეტიმოლოგიური ფუძე არაბულ სიტყვა majra-დან მოდის (არაბულად: مجرى‎‎ – წყლის წყარო). ეს სახელი არაბებმა ქალაქის მდიდარი მიწისქვეშა წყლების გამო აიღეს. ქრისტიანების მიერ ქალაქის დაბრუნების შემდეგ, სახელწოდებამ კასტილიური ხმოვანება მიიღო და შუასაუკუნეებში Magerit იწოდებოდა, რომელიც მოგვიანებით – Madrid-ად გარდაიქმნა.
მადრიდი დედაქალაქი 1561 წლიდანაა.

მადრიდის სიმბოლო დათვია, რომელიც მწვანე მარწყვის ხის წითელი ნაყოფისკენ იწევა. ის გარშემორტყმულია ექვსქიმიანი ვერცხლის ვარსკვლავებით ცისფერ ბორდიურზე.

არ არსებობს ზუსტი ვერსია რატომ გაჩნდა ასეთი გერბი. თუმცა არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ ადრე მადრიდის ადგილზე მარწყვის ხეების კორომი იყო და უამრავი დათვი დაბაჯბაჯებდა.

ასევე არსებობს ვერსია, რომ დათვი და ხე სანადირო ადგილების თაობაზე სამოქალაქო და საეკლესიო ხელისუფალთა ერთგვარი შეთანხმების სიმბოლოა.

1967 წლიდან პუერტა დელ სოლზე დგას ”დათვისა და მარწყვის ხის” ქანდაკება (El Oso y el Madrodo”), რომელიც ბრინჯაოსა და ქვაშია გაკეთებული.

კარგი ამინდი, გულღია ხალხი, ულამაზესი არქიტექტურა, სასიამოვნო ხეივნები, ფანტასტიური ქალაქი შოპინგის მოყვარულთათვის (მარტო ”ზარა” პურის მაღაზიასავითაა), ხელსაყრელი სატრანსპორტო სისტემა, ბრწყინვალე მუზეუმები, ბედნიერი ტურისტები, ”რეალ მადრიდი” და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ… ეს ყველაფერი მადრიდ(შ)ია…

ფასები. ყველანაირი (პრინციპში როგორც ყველგან), თუ ფული გაქვთ, შეგიძლიათ ძვირადღირებული ბრენდებით ისიამოვნოთ (რამდენიც გენებოთ იმდენია) და თუ ეკონომიის გაკეთება გსურთ, სურსათზე სუპერმარკეტებში უნდა მიბრძანდეთ, ტანსაცმელზე კი უფრო სეილებს დააკვირდეთ. სუვენირები, მაგნიტები და მსგავსი ათასი წვრილმანი – 1 ევროდან იწყება (ოღონდ ცენტრში ნაკლებად, უფრო ჩინელების მაღაზიებში), თუმცა საშუალოდ 3 ევროდან უნდა ივარაუდოთ, რაც შეიძლება მეტ-ნაკლებად მოგეწონოთ. ცოტა კარგი სუვენირი 10-დან 15 ევრომდეა (ძალიან ძვირიანებს არ ვგულისხმობ).

თუ გურმანი ბრძანდებით, ესპანეთში უნდა მიირთვათ პაელია (ნაციონალური კერძი), სანგრია (ხილის წითელი ღვინო – სუვენირადაც იყიდება), ესტუმროთ ხამონის მუზეუმს (ბევრგანაა. უფრო მაღაზიაა, უბრალოდ ასე ეძახიან). სხვა სტატიაში უკვე გირჩიეთ, რომ აუცილებლად მოინახულოთ ჩოკოლატერია (ცხელი შოკოლადი ჩუროებით), მშვენიერი ნაყინი ქონდათ (ბურთულები) და ა.შ. ჩინურ-ტაილანდური სამზარეულოთი დაწყებული, მექსიკურით (ტაკოები) დამთავრებული.

მადრიდი კაფეების ქალაქია. ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და ეს ბიზნესი მშვენივრად მუშაობს. კაფე-ბარები ხუთშაბათს განსაკუთრებული დატვირთვით იწყებენ მუშაობას, პარასკევს (უქმეები მოდის) ადგილს ვერ ნახავთ და შაბათ-კვირის მადრიდს კიდევ სხვა ხიბლი აქვს – ტურისტებს ადგილობრივებიც უერთდებიან და ქალაქში საგრძნობი ხალხმრავლობა და ჟრიამულია.

მადრიდი უკვე ინტერნაციონალური ქალაქია. თვალში ძირითადად ჩინელები გხვდებიან, თუმცა ბევრნი არიან არაბებიც და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩამოსულები.

პოლიციას ქუჩებში ძირითადად ვერ შეხვდებით, თუმცა ეს არ ეხება მთავარ მოედნებს. მაგალითად, ყველაზე მრავალეთნიკურ, ხალხმრავალ და ხმაურიან პუერტა დელ სოლზე (ასევე პლასა მაიორზე) მუნიციპალური პოლიცია მუდმივად მორიგეობს.

ღამის ცხოვრების მოყვარულებს შეუძლიათ წმინდა ანას მოედანს მიაკითხონ (აქ დგას ფედერიკო გარსია ლორკას ძეგლი) – აქ გახლავთ ყველაზე დიდი რაოდენობით ბარები, დისკოთეკები და ღამის დაწესებულებები.

კიდევ ერთი: თუ გაგიმართლათ და მადრიდში ისეთ დროს აღმოჩნდით, რომ კორიდა ღიაა და ბრძოლები იმართება, მაშინ ესპანელთათვის ეს საკულტო მოვლენა კი უნდა ნახოთ. ისე, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები მაისში იმართება.

ტოლედო. აი კიდევ ერთი სასწაული, ნამდვილი საოცრება. ესპანეთის ძველ დედაქალაქამდე მანძილი არც თუ დიდია, ავტობუსი 10 ევროდ წაგიყვანთ და წამოგიყვანთ – დაახლოებით 45-50 წუთში (ერთი გზა). ამ ქალაქზე ვერაფერს ვიტყვი, ვერანაირად ვერ აღვწერ (ამისთვის ლორკა ან მაჩადო მაინც უნდა ვიყო), ეს უბრალოდ უნდა ნახოთ, ტოლედო არასოდეს არ დაგავიწყდებათ!

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლუს წინა რეპორტაჟების მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ და ამას დავუმატებთ უამრავ საინტერესო და მიმზიდველ სანახავს და მოვლენებს, რაზეც ყურადღება არ გაგვიმახვილებია, დასკვნა ერთია: წადით მადრიდში!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g