ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ვაკის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარემ კი, მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.
გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა.
არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.
