პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას ე.წ. კაბელების საქმე სამართლებრივად გაანალიზებული აქვს და ფიქრობს, რომ სახეზე იყო “მკაფიოდ გამოხატული დანაშაული”. მეტიც როგორც კობახიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა,საქმეზე “პასუხი არ უგია იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა”.
კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ირაკლი კობახიძე “დაუსჯელებს” შორის მაშინდელ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას, კობახიძე პასუხობს, რომ არაფრის თქმა არ შეუძლია.
“რაც შეეხება კაბელების საქმეს, იმ დროისთვის ვიყავი აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკურად აწეული იყო ეს თემა, დავინტერესდი, ჩავიხედე ბოლომდე და იქ იყო დანაშაულის არათუ ნიშნები, მკაფიოდ გამოხატული დანაშაული იყო, საუბარი იყო მილიონების მითვისებაზე… 2015 წელი იყო, იმ ადამიანებს კაპიკი არ წაუღიათ, მე რამდენადაც ვიცი” – თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ “შეიძლება, საქმე ბოლომდე ვერ გაიხსნა
მე რა ვიცი იქ ფული დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა მინისტრის მოადგილემ თუ უფრო ზევით? საქმიდან ჩანს მოტივი და მე ამაზე მაქვს საუბარი”, — განაცხადა კობახიძემ.
2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი 16 მაისს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და სასჯელად თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.