LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუჩინის „ტოსკა“ ვენის ოპერაში – რეპორტაჟი ავსტრიის დედაქალაქიდან

4586
01Tosca

ევროპული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ვენა, რომელიც გადავსებულია მუზეუმებითა და სასახლეებით, უამრავი ღირსშესანიშნაობით ამახსოვრებს სტუმარს თავს, თუმცა მაინც გამორჩეულია ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრი.

ამ ისტორიულ და ერთ-ერთ წამყვან თეატრში ნებისმიერ სპექტაკლზე დასწრება ბედის საჩუქარია, არაჩვეულებრივი ემოცია და დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა.

 

ცოტა რამ ვენის ოპერაზე

ვენის სახელმწიფო ოპერა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მისამართია.

1918 წლამდე ვენის სამეფო კარის ოპერა იყო. ვენის ოპერის აღმოცენება მე-17 საუკუნის შუაწელს მიეკუთვნება, როდესაც ავსტრიის იმპერატორის კარზე იტალიურმა დასმა საოპერო წარმოდგენები გამართა.

შენობა, რომელშიც ამჟამად ოპერის სახელმწიფო თეატრია, 1863-1869 წელს აშენდა. დიდი ხანი მიიჩნეოდა, რომ ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თეატრალური ნაგებობა იყო.

თეატრი მოცარტის „დონ ჟუანით“ გაიხსნა.

1945 წელს თეატრის შენობა ვენის დაბომბვის დროს დაინგრა. ათი წელი სპექტაკლები სხვა სცენებზე გადიოდა.

სეზონის 300 დღის განმავლობაში 60-ზე მტი საოპერო და საბალეტო წარმოდგენები იმართება. ოპერის რეპერტუარის დიაპაზონს მსოფლიოში ბადალი არ ყავს.

რეპერტუარი XXI საუკუნის ბაროკოს ეპოქიდან მოდის, ყურადღების ცენტრში კი XIX საუკუნის ხელოვნებაა.

2018/19 წლების სეზონი დიდი იუბილეს წელია: ვენის სახელმწიფო ოპერა 150 წლისთავს აღნიშნავს.

სპექტაკლზე თითოეულ მაყურებელს შეუძლია სუბტიტრები ჩართოს – გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ, რუსულ და იაპონურ ენებზე. 2 021 სავარძლის დისპლეიზე ასევე შესაძლებელია ოფიციალური პროგრამის ნახვა შემსრულებლებისა და ოპერის შინაარსის მითითებით (გერმანულად ან ინგლისურად).

წელიწადში ერთხელ ოპერის სცენა და პარკეტი უზარმაზარ სამეჯლისო დარბაზად იქცევა ხოლმე – აქ სახელგანთქმული ვენის ოპერის მეჯლისი იმართება. ავსტრიის პრეზიდენტის თვალწინ საღამოს კაბებსა და ფრაკებში გამოწყობილი ასი წყვილი ძველი დიდების დროს ახსენებს საზოგადოებას.

 

 

ტოსკა

ვენაში ყოფნის პერიოდში აფიშით სწორედ „ტოსკა“ დაემთხვა (14 იანვარი) და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ძალიან ძნელი და უპატიებელიც კი იქნებოდა.

„ტოსკა“ – ჯაკომო პუჩინის სამმოქმედებიანი ოპერაა.

პიესა სპეციალურად სარა ბერნარისთვის დაიწერა და მსახიობს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. პრემიერა 1887 წლის 24 ნოემბერს პარიზში შედგა.

სპექტაკლის შინაარსის აღწერა ახლა ნამდვილად ზედმეტი იქნება, აი მთავარი პარტიების შემსრულებლებს კი მცირედით გაგაცნობთ.

 

ფლორია ტოსკა (ცნობილი მომღერალი)კრისტინ ოპოლაისი

39 წლის მომღერალი ლატვიაშია დაბადებული და იქვე მიიღო მუსიკალური განათლება.
ლა სკალა, ბავარიის ოპერა, ქოვენთ გარდენი, მეტროპოლიტან-ოპერა – ეს ოპოლაისის მოღვაწეობის არეალია.

 

მარიო კავარადოსი (მხატვარი) – ვიტორიო გრიგოლო

სიმღერა 4 წლისამ დაიწყო. სიქსტეს კაპელის ქორში სოლისტად აიყვანეს.

დებიუტი 13 წლისას ქონდა, სხვათა შორის სწორედ „ტოსკაში“ და რომის თეატრის სცენაზე ლუჩანო პავაროტისთან ერთად გავიდა, მეტსახელად კი Il Pavarottino მიიღო. 23 წლის ვიტორია ლა სკალაში გამოდიოდა და ამ თეატრის ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი იყო. საინტერესოა, რომ ის ერთადერთი იტალიელი შემსრულებელია, რომელიც სავალდებული სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლეს.

დღეისათვის გრიგოლოს რეპერტუარი 24 ოპერას მოიცავს. რეგულარულად გამოდის მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ოპერების სცენაზე.
გამოშვებული აქვს რამდენიმე ალბომი.

 

მესამე მოქმედებაში კავარადოსის მთავარი არიას „ციმციმებენ ვარსკვლავების“ შესრულებისას პუბლიკამ მომღერალს გვარიანი ოვაციები მოუწყო და სპექტაკლიც ცოტა ხანს შეჩერდა.

ბარონ სკარპიას (პოლიციის შეფი) როლში იყო მარკო ვრატონია – იტალიელი ბარიტონი, დებიუტი 2000 წელს ქონდა ტრიესტას თეატრში, რის შემდეგაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სპექტაკლებში იწვევენ.

ჩეზარე ანჯელოტის (რომის რესპუბლიკის ყოფილი კონსული) პარტიას ასრულებდა ვენის ოპერის მომღერალი კლემენს უნტერეინერი.

 

დირიჟორი ეველინო პიდო

დაამთავრა ტურინის კონსერვატორია, შემდეგ ვენის მუსიკის აკადემია. საერთაშორისო კარიერა მელბურნის ფესტივალზე დაიწყო.
1993 წელს დებიუტი აშშ-ში ქონდა და მას შემდეგ დიდ სცენებზე გამოდის.
ცნობილია, როგორც იტალიური და ფრანგული რეპერტუარის ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტატორი, თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან თეატრებთან.

 

დეკორაცია

სულ ორი სიტყვით: სპექტაკლის გაფორმება კი არა, ჩვეულებრივი ქალაქი იყო სცენაზე გაშენებული.
პირველ მოქმედებაში ძირითადად ტაძარი, მეორეში სასახლის შიდა ინტერიერი და მესამეში – ციხე.

 

მაყურებელი

როგორი დიდებულია ვენის ოპერა, ისევე იქცევა მაყურებელიც. უფრო სწორედ მაყურებლის ნაწილი. ადგილობრივი პუბლიკა პატივს სცემს ძველ ტრადიციებს და ოპერაში შესამჩნევად გამოწყობილი დადის. მიუხედავად ზამთრის ცივი ამინდებისა, ქალბატონები საღამოს კაბებით ესწრებოდნენ სპექტაკლს და სადღესასწაულოდ იყვნენ გამოწყობილები. შესვენებაზე კი თეატრის დარბაზებში დასეირნობდნენ  და შამპანურს წრუპავდნენ.

მეორე კატეგორია – ასევე ადგილობრივები და აშკარად ოპერის დიდი მოყვარული ხალხი კიდევ უფრო დიდი სტაჟით – ხანში შესული, ხშირად ხელჯოხიანი პუბლიკა ანთებული თვალებით უყურებდა სპექტაკლს და ძირითად ზემო იარუსებზე ისხდნენ, სადაც ბილეთი ბუნებრივია შედარებით იაფია.

მესამე – ტურისტები არიან, ძირითადად აზიიდან, დიდი ქურთუკებით, ფოტოაპარატებით. თუმცა გარკვეული დრესკოდი მაინც მოქმედებს, მაგალითად დახეული ჯინსის შარვლით არ შეგიშვებენ.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ გარდერობი პირველ სართულზეცაა, ზემო იარუსების მაყურებლისთვის კი ზემო სართულზე და ბილეთის მიხედვით ჩაიბარებენ თქვენს სამოსს.

 

ემოცია

რთულია სიტყვებით გადმოსცე და არ აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა საოპერო ხელოვნების დიდი მოყვარული. ვენის ოპერაში სპექტაკლზე დასწრება და თან „ტოსკაზე“, დაუჯერებელიცაა და ისეთი რამაა, რაც ნამდვილად გაყვება ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 

ბილეთები

ბილეთის შოვნა წესით რთული არ არის. ინტერნეტით დაჯავშნის გარდა, ადგილზე სალაროშიც შეიძენთ. გარდა ამისა, ხელზე გადამყიდველები სპექტაკლის დაწყების წინაც მოგცემენ ბილეთებს და სხვათა შორის უკვე თავის ფასშიც. ისე კი ყველაზე ძვირიანი ბილეთის ფასი 300 ევროს აღწევს.

და მთავარი: ოპერის შენობაში შესვლისას, მარცხენა მხარეს, სადაც გარდერობია, იქვეა ცალკე სალარო, სადაც ფეხზე დასადგომი ბილეთები იყიდება, ფასი სულ რაღაც 3 და 5 ევროა. არის ორი ვარიანტი – ერთი აივანზე (ფეხზე დგომის შემთხვევაში სცენა ცუდად ჩანს), მეორე კი პარტერის უკან, ზუსტად სცენის წინაა დასადგომი ადგილი და თუ ამ ბილეთის შოვნას მოასწრებთ, ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს.

 

 

შენიშვნა: 14 იანვარს წარმოდგენილი „ტოსკას“ ფოტოები ვენის სახელმწიფო ოპერის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g