LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქობულია: ქვეყანას ექსპორტზე ორიენტირებული მეტი ბიზნესი სჭირდება

2

დღეს დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელმაც ქუთაისში ტექსტილის საწარმო MGM TEX დაათვალიერა.

შპსემჯიემტექს“ 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა და წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 მლნ ლარს შეადგენს. საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია, საწარმოში ამჟამად 300-მდე ადამიანია დასაქმებული და პროდუქციას აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდის ტანსაცმელს, როგორიცაა: M&S, UMBRO, Comma და სხვა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანია ბრენდის H&M ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, “H&M“-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით MADE IN GEORGIA (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანას ამ ტიპის, ექსპორტზე ორიენტირებული მეტი ბიზნესი სჭირდება.

„ეს არის ტექსტილის საწარმო, რომელიც პრაქტიკულად, მთლიანად მუშაობს ექსპორტზე. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ საწარმოს ხელმძღვანელობისა და აქ დასაქმებულების მიერ გაწეული სამუშაოთი, იმით, თუ როგორ ააწყეს ბიზნესი, მოძებნეს ეს ბიზნესმოდელი, ასევე კონტაქტები ევროპაში. რა თქმა უნდა, პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ ძალიან დიდი როლი ითამაშა საწარმოს განვითარების პროცესში. ჩვენ გვინდა ასეთი, ექსპორტზე ორიენტირებული მეტი ბიზნესები“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის თქმით, ამ საწარმოს მაგალითზე ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

„ასეთი ტიპის ძალიან ბევრი საწარმო ევროპიდან, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპიდან გადმოდის ჩვენს რეგიონში და რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ, ყველაფერი ვიღონოთ, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ასეთი საწარმო გაიხსნას“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ქობულიას ინფორმაციით, ტექსტილის გარდა ეკონომიკაში გვაქვს სხვა ანალოგიური სეგმენტები, მაგალითად, ტყავის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოება, რომელთაც ასევე დიდი პოტენციალი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g