თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ 100 მლნ დოლარის ინვესტიცია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გლდანში ინდუსტრიული ზონისა და BitFury-ის დატაცენტრის გახსნაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მსოფლიოში წამყვანი კომპანიები მიზიდოს.
”ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი. დღეს ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინფორმაციული ცენტრი, რომელიც 40 მგვტ ელექტროენერგიას მოიხმარს. მომავალში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ველოდებით 100 მლნ დოლარამდე ინვესტიციას,“- განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა და დატა ცენტრის შექმნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ მან საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე გამოაჩინა, როგორც ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ასეთი საქმიანობა. სწორედ ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც ჩვენ ქვეყანას ძალიან სჭირდება,” – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
დღეს გლდანში თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და პირველი საწარმო გაიხსნა.