LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მოდის ახალი სახე მატილდა გვარლიანი „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუში მოხვედრაზე ოცნებობს

30389
matilda-gvarliani.

Look Models Managment-ის მოდელი, მატილდა გვარლიანი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ საერთაშორისო საააგენტოებთან კონტრაქტები უკვე გაფორმებული აქვს და 16 წლიდან შეძლებს, საინტერესო პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.

მატილდა „სტრადაში“ გადავიღეთ, სადაც მასთან ინტერვიუც ჩავწერეთ. ქართული მოდის ახალი სახე ამ პროფესიაზე 6 წლიდან ოცნებობს, მსახიობობაც სურდა, მაგრამ ახლა მთლიანად მოდელობაზეა გადართული…

ულამაზესი გოგონას ოცნება „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუზე გამოსვლაა.

მატილდა გვარლიანი:

6-7- წლის ვიყავი, პირველად რომ ვნახე „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუ. ამან დიდი ემოციები გამოიწვია ჩემში, როცა ვნახე, როგორ გამოდიოდნენ მოდელები პოდიუმზე. ბავშვობიდან დავიწყე ამ პროფესიაზე ფიქრი და სულ მინდოდა, ჩემი თავი ტელევიზორში მენახა (იღიმის). ისე დადიოდნენ, რომ სურვილს აღმიძღავდნენ, მეც მათ გვერდით აღმოვჩენილიყავი. არ ვიცი, ამას რამდენად მოვახერხებ, მაგრამ ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გამოვიყენებ ამისთვის.

ანუ შენი ოცნება „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუში მოხვედრაა?

ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტს მივაღწიო. მინდა „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუში“ მოხვედრა, რადგან ესეც ხომ დიდი წარმატებაა.

მოდელობასთან ერთად მსახიობობაც მინდოდა, მაგრამ ახლა მოდელობით უფრო დაინტერესბული ვარ. სამსახიობო სფეროშიც მინდა ჩემი სიტყვის თქმა. მოდელობაზე რომ შევაჩერე არჩევანი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე პროფესია არ მექნება. სულ მოდელი ვერ ვიქნები, ამიტომ სკოლის დასრულების შემდეგ სხვა პროფესიის შერჩევაზეც ვიფიქრებ, გარკვეული დროის შემდეგ.

მოდელი როგორ გახდი?

12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემოთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე.

უცხოეთში გაქვს კონტრაქტები?

ვაპირებ კარიერის იქ გაგრძელებას. ორი კონტრაქტი მაქვს გერმანიასა და ესპანეთში წამყვან სამოდელო სააგენტოებთან. 16 წლის რომ გავხდები, უფრო აქტიურად შევძლებ კასტინგებში მონაწილეობას. გავაფორმებ კონტრაქტებს პარიზში, მილანსა და ნიუ იორკში. 16 წლამდე სასურველი არ არის.

შენი ოჯახი რას ფიქრობს შენს ოცნებებზე?

დედ-მამა და ძმა ხელს მიწყობენ, ჩემი პირველი გულშემატკივრები არიან. ცდილობენ, ხელი შემიწყონ ჩემი ოცნებების რეალობად გადაქცევაში. ჯერჯერობით გამოსდით.

სკოლაში იციან შენი გატაცების შესახებ?

რა თქმა უნდა და ცდილობენ, მაქსიმალურად შემიწყონ ხელი, როცა საზღვარგარეთ მიწევს დიდი ხნით გამგზავრება. მუდმივად საინტერესო გადაღებებში მიწევს მონაწილეობა. გამოვარჩევდი Pull $ Bear-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის კამპანიაში მონაწილეობას, სადაც ჩემი პარტნიორი იყო leonard mushiete, რომელიც „ვერსაჩეს“ და სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სახე გახლავთ.

საქართველოში და უცხოეთში გადაღებებს შორის რა განსხვავებაა?

უფრო ფასდება შრომა, რომელსაც დებ ამ საქმეში, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს დიდი პლუსია. დიზაინერებს, მოდელებს, ვიზაჟისტებს დიდ პატივს სცემენ. იციან, რამხელა შრომაა ჩადებული, რომ ამ სფეროში წარმატებული იყო.

ნინო ცქიტიშვილი რას გეუბნება, რა არის იმისთვის საჭირო, რომ წარმატებული მოდელი იყო?

ნინო სულ მეუბნება, რომ რასაც დასთეს, იმას მიიღებო. უნდა ვიყო მიზანდასახული, თუკი მაქსიმუმს ჩავდებ, მას აუცილებლად ამოვიღებ უკან.

შენს თავს სად ხედავ 10 წლის შემდეგ?

ასე ვერ გეტყვით… მინდა, მივაღწიო წარმატებას ნებისმიერ სფეროში, სადაც ვიქნები, არ აქვს მნიშვნელობა, სამოდელო ბიზნესი იქნება თუ სხვა… ვიცი, რომ მაქსიმუმს გავაკეთებ ყოველთვის.

მოდელობის პარალელურად, რა პროფესიაზე ფიქრობ?

ოჯახში ექიმები მყავს და ვფიქრობ სამედიცინო სფეროზე. შესაძლოა, ავირჩიო სტომატოლოგია ან ფსიქოლოგია. თუ ამ მიმართულებტ არ წავალ, მაშინ მარკეტინგის მენეჯერი ვიქნები. ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული ამ თემაზე და ვიცი, რომ კიდევ მრავალჯერ შემეცვლება აზრი.

სოცქსელში აქტიურად ტრიალებს შენი ფოტოები და ქართული მოდის ახალ სახეს გეძახიან. კითხულობ კომენტარებს?

ვკითხულობ და ვინტერესდები. მიხარია, როცა ჩემი სურათები მხვდება. ძალიან მომწონს და მომწონს ისიც, როცა სრულიად უცხო ხალხი მიწერს დადებით კომენტარებს. მესმის იმ ხალხისაც, ვისაც არ მოვწონვარ და არ ფიქრობს, რომ შეიძლება, წარმატებას მივაღწიო. ყველა ადამიანს თავისი გემოვნება აქვს და გემოვნებაზე არ დაობენ.

ვარჯიშობ?

რა თქმა უნდა, ვვარჯიშობ. ვცდილობ, კვირაში სამჯერ-ოთხჯერ მაინც ვივარჯიშო პილატესი ან იოგა. ასევე ვცდილობ, სწორად ვიკვებო. ეს არის, როცა ცომეულსა და ტკბილეულს და ზეთში შემწვარ საკვებს თავს არიდებ. ერთადერთი, რაზეც უარის თქმა მიჭირს, შოკოლადია (იღიმის).

თმის შეჭრა რატომ გადაწყვიტე?

არასდროს მქონია მოკლე თმა და მაინტერესებდა, როგორი ვიქნებოდი. მიჭირს შეგუება, მაგრამ მომწონს ჩემი ახალი ვარცხნილობა.

გადაღების ადგილი: „სტრადა“ მარჯანიშვილზე

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g