LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეებმა პირდაპირი მნიშვნელობით ფეხი დაუბაკუნეს პარლამენტს – ეკა ბესელია

101
ეკა-ბესელია-123567

მოსამართლეებმა პირდაპირი მნიშვნელობით ფეხი დაუბაკუნეს პარლამენტს, – ამის შესახებ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ მომზადებული ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენის დროს განაცხადა.

„მოთქმა და იმაზე ჩივილი, რომ სასამართლო კორპუსი განახევრდება, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი არგუმენტი. ეს ინიციატივა არ აჩერებს ახალი მოსამართლეების შემოყვანას, ეს ინიციატივა არ უშვებს სისტემიდან არავის, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, მაგრამ ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ ვართ თუ არა ქმედებებით რეალურად მზად, რომ გადავდგათ ნაბიჯები რეფორმისკენ. ვართ თუ არ ის პარლამენტი, რომელიც პოლიტიკურ ნებას აჩვენებს საზოგადოებას, რომელსაც აწუხებს ის, რაც ხდება და რომ არ დადის იუსტიციის საბჭოს ჭკუაზე. როგორც კი ეს ინიციატივა დარეგისტრირდა, ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე სანახაობა. როდესაც შეიკრიბა საბჭო მოსამართლეებთან ერთად დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით ფეხი დაუბაკუნეს პარლამენტს და უთხრეს, რომ ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერდნენ და ჩვენ ვნახეთ ამის შემდეგ შეცვლილი განცხადებები რამდენიმე ჩვენი კოლეგის მხრიდან,“ – განაცხადა ბესელიამ.

კანონპროექტის წარდგენისას, ბესელიამ კოლეგებსაც მიმართა და სთხოვა, რომ ნუ ამოეფარებიან ხელოვნურად შექმნილ არგუმენტებს. მისივე თქმით, ის მზად არის მოისმინოს ჯანსაღი არგუმენტები და კრიტიკა, თუმცა მას არ სურს დღეს სესიაზე იუსტიციის საბჭოს „ოცნებები და სურვილები“ გაჟღერდეს.

„მინდა გითხრათ თითეულ თქვენთაგანს, საკმარისი არ არის ვილაპარაკოთ, რომ სამართლიანობა გვინდა, საკმარისი არ არის საუბარი, რომ რეფორმები გვინდა. აღარ არის ამდენი დაპირების დრო, იმიტომ რომ შვიდი წელი ამას ვესაუბრებოდით ადამიანებს. კონკრეტულ ქმედებებს ითხოვენ ჩვენგან. ნუ ამოვეფარებით ხელოვნურად შექმნილ არგუმენტებს, მე მზად ვარ, მოვისმინო რეალური წუხილი თუ აქვთ კოლეგებს, რატომ მიაჩნიათ, რომ მხარი არ უნდა დაუჭიროთ ამ კანონპროექტს, მაგრამ მე არ მინდა მოვისმინო იუსტიციის საბჭოს წევრების სურვილი და ოცნება. ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ ხალხის ინტერესებს გამოხატავს და არა რამდენიმე ადამიანის, რომელსაც შეუძლია ულტიმატუმის ენით ელაპარაკოს ქვეყანას. ამას ველოდები ამ დარბაზში დღეს, რომელსაც ასევე ელოდება ჩვენი საზოგადოება, თუ ვინმე ამას ვერ გრძნობს , ეს კიდევ უფრო მძიმე მოცემულობა!“ – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g