LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავირიდოთ ახალი წლის დღეებში კუჭის პრობლემები – ოქროს რჩევები სპეციალისტისგან

809

ცნობილი გასტროენტეროლოგი გიორგი გვილია იმ აუცილებელი წესების შესახებ გვესაუბრება, რომელთა დაცვაც არა მხოლოდ საახალწლო, არამედ წლის ნებისმიერ დროს, აგარიდებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს…

გიორგი გვილია:

ახალი წელი ღამე, 12 საათზე დგება და გინდა თუ არა, ღამით გიწევს ჭამა. ეს არანორმალური და არაფიზიოლოგიურია. მაინცდამაინც 12 საათის მერე სუფრასთან დასხდომა და ღამის გათენება ჭამა-სმაში, არ ივარგებს. ჯობს, საღამოს ივახშმოთ და 12 საათის დადგომის შემდეგ, ახალ წელს შეხვდეთ სასმელით და ნაკლებად მიირთვათ.

მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ თუკი მიირთმევთ, პირდაპირ ტკბილით ან ნიგვზიანით ჭამის დაწყება არ არის კარგი, უნდა მიიღოთ ცილოვანი საკვები, ხორცი, არცთუ დიდი რაოდენობის და კარგად დაღეჭილი. ვეცადოთ, პირველი კერძები იყოს შედარებით ინდიფერენტული გემოსი, რაც მთავარია, არ უნდა დაიწყოთ ჭამა საწებლით. მჭადი, ყველი, ხაჭაპური, მოხარშული და შემწვარი ხორცი, ოღონდ სანელებლებისა და საწებლის გარეშე – ამით გირჩევთ დაწყებას. ამის მერე შეგიძლიათ მიირთვათ, ოღონდ ყველა საახალწლო კერძი უნდა მიიღოთ ცოტ-ცოტა და ნელა. ყველა კერძის მალევე გასინჯვა არ არის აუცილებელი. პირველი საათნახევრის განმავლობაში ორი-სამი კერძი გასინჯეთ, შემდეგ კი შეგიძლიათ, სხვა საკვებიც მიიღოთ. არ უნდა დავივიწყოთ ზომიერება სასმელშიც, არ არის საჭირო ყველა სადღეგრძელო დიდი ჭიქით ვსვათ. 12 საათამდე არ უნდა გადაგვეტვირთოს საჭმლის მომნელებელი სისტემა, შემდეგ შეგიძლიათ ტკბილეულიც მიიღოთ. ასეთ შემთხვევაში მეორე და მესამე დღეს, აზრზე მოსაყვანი არ იქნებით.

დადგა მეორე დღე (იღიმის). დილას წვნიანი რომ უნდა მიირთვათ, ალბათ, ეს ყველამ იცის. ისევ იგივე წესი დავიცვათ და სწრაფად არ ავურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა ტიპის კერძი. სასურველია, რომ მეორე დღესაც არ მივაბათ დალევა, თუკი მივაბამთ, მაშინ აქაც ზომიერება დავიცვათ.

ბევრს აქვს ჩვევა, რომ გაზიან სასმელს აყოლებს საჭმელს იმ იმედით, რომ უკეთ მოინელებს…

ეს არის არასწორი მიდგომა. გაზიანი მინერალური წყლის მიღება შეგიძლიათ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და არა ჭამის დროს. ზოგადად, მინერალური წყლისა და სასმლის არევაც დაუშვებელია. ამგვარი სასმელის კვების პროცესში მიღება მჟავიანობას აქვეითებს და კუჭს მონელების პოტენციალს აკარგვინებს. მეორე დღეს, ჭამამდე შეგიძლიათ მიიღოთ გაზიანი მინერალური სასმელი, ოღონდ, როგორც აღვნიშნეთ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მაინც.

იმავეს გკითხავთ წყალთან დაკავშირებითაც. როდის დავლიოთ წყალი?

წყალი უნდა დალიოთ კვებამდე 30-40 წუთით ადრე. კვების პროცესში ცოტ-ცოტას მიღება შეგიძლიათ, დიდი რაოდენობით, არ არის სასურველი. ამიტომაც ვამბობ, რომ ალკოჰოლის მიღებაც პატარა ჭიქებით ჯობს, რადგან ნებისმიერი სასმელი დიდი მოცულობით კუჭს მოცულობას მატებს, კუმშვადობის უნარს აქვეითებს. ცოტა გულზე დამადგა, მუცელი შემებერა და წყალს დავლევო, როცა ამბობენ, ეს არასწორია.

ზედმეტი კვებისგან რა შეიძლება დაემართოს ადამიანს?

გააჩნია, რა სასტარტო მდგომარეობა აქვს, წნევიანს, მას, ვისაც გულის იშემიური დაავადებები აქვს, გულის პრობლემაც შეიძლება გაუმწვავდეს, ვისაც კუჭი აწუხებს, ამასაც გაამწვავებს, ვისაც ნაწლავი აწუხებს, მას შესაძლოა, ეს პრობლემა გაუმწვავდეს და ა.შ.

ტკბილი ახსენეთ და არსებობს მითი ხილთან დაკავშირებით, რომ მისი ჭამა არ არის რეკომენდებული სადილის შემდეგ.

ესეც ცალსახა წესია, თუმცა გააჩნია, ადამიანს აქვს თუ არა ფრუქტოზის აუტანლობა. თუ გვაქვს, მაშინ ჭამის მერე ხილის მიღება ართულებს ამ პრობლემას. თუკი ასეთი პრობლემა არ არსებობს, ტკბილი ხილი ჯობს, კვებამდე მივიღოთ ან კვებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მაგრამ ციტრუსის მიღება ჭამიდან მალევე შეგიძლიათ, რადგან დამატებითი სტიმულაციაა კუჭისთვის.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g