LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქონლის ექსპორტი წლიურად 24 პროცენტით შემცირდა

68

საქონლით ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 2015 წლის მესამე კვარტალში წლიური 5.6 პროცენტიანი ზრდის შედეგად 1.2 მლრდ დოლარი (2.7 მლრდ ლარი) შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი საქონლით ვაჭრობას აკისრია.

„საქონლის ექსპორტი წლიურად – 24.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 8.9 პროცენტით შემცირდა. ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გრანტით მიღებული მედიკამენტების გარეშე საქონლის იმპორტი წლიურად 17.1 პროცენტით  შემცირდა,”- განაცხადეს საქართველოს ბანკში.

როგორც სებ-ში განმარტეს, მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. მომსახურების ექსპორტი წლიურად 8.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი 2.1 პროცენტით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 14.2 პროცენტით გაიზარდა და 741.8 მლნ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ნაწილობრივ ანეიტრალებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 15.3 პროცენტით გაიზარდა და 468.0 მლნ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მათგან, სამთავრობო სექტორის მიმდინარე ტრანსფერები 5.1-ჯერ გაიზარდა, ხოლო სხვა სექტორების მიმდინარე ტრანსფერების კრედიტი 34.1 პროცენტით შემცირდა.

2015 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 280.3 მლნ დოლარი (651.4 მლნ ლარი, მესამე კვარტალის მშპ-ს 7.9 პროცენტი) შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები