გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, „112“-ის აპლიკაციის სასარგებლო რჩევებს ოჯახში ძალადობის განყოფილება დაემატა. დღეიდან „112“-ის მობილურ აპლიკაციაში ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევების მოძიებაც არის შესაძლებელი.
მისი დახმარებით დაინტერესებული პირები მარტივად მოიძიებენ ინფორმაციას, რა არის ოჯახში ძალადობა და როგორია მისი ფორმები, ასევე, როგორ მოიქცნენ, თუ ოჯახში ძალადობის პრობლემა აქვთ ან იციან ამგვარი შემთხვევები შესახებ. აპლიკაცია მათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ასევე ამომწურავ ინფორმაციას აწვდის არსებული სახელმწიფო მომსახურებების – თავშესაფრების, კრიზისული ცენტრებისა და ცხელი ხაზის (116 006) შესახებ. ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი.
„112“-ის მობილური აპლიკაცია ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისია, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. მას ჩუმი განგაშისა და ჩატის ფუნქციები აქვს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია ან დარეკვით საფრთხე ექმნება, მას SOS – ჩუმი განგაშის ან ჩატის ფუნქციების გამოყენება შეუძლია. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროსაა მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ SOS ღილაკზე დაჭერით „112“-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS-კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.
აღნიშნული ინიციატივით, „112“ გენდერულ კვირეულს შეურთდა, რომელიც 3-8 მარტს იმართება. კვირეულის ფარგლებში, 7 მარტს, 16:30 საათზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრის გამართვა იგეგმება, რომლის დროსაც „112“-ის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.