LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ჯავახიშვილი დიდთოვლობის დროს კონტრაქტორების მუშაობით უკმაყოფილოა

37

საქართველოში შექმნილი რთული კლიმატური პირობების ფონზე ზოგიერთმა კონტრაქტორმა საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ბოდიში უნდა მოვუხადოთ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ზუსტად ახალი წლის ღამეს დაწყებულმა ძლიერმა თოვლმა და ყინვამ გამოიწვია საკმაოდ სერიოზული შეფერხებები გზების გარკვეულ მონაკვვეთებზე. შეიძლება ითქვას, იყო პერიოდი, როდესაც მთელს საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია არაფერი არ ამართლებს ამას, მაგრამ ცოტა რთული გახდა პირველ და ორ იანვარს ხალხის გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან და იყო ტექნიკის პრობლემებიც. ამ ეტაპზე არ ვიტყვი, რომ ყველაფერი გამართულად არის, მაგრამ ძირითადი პრობლემები მოიხსნა, გარდა ამისა, გააქტიურდნენ კონტრაქტორებიც და ჩვენი სამსახურებიც. ტემპერატურამაც აიწია დასავლეთ საქართველოში. დღეს ბარში პრაქტიკულად პრობლემები არსად გვაქვს, მაგრამ მთიან რეგიონებში პრობლემები კერ კიდევ არსებობს“ – განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაური დაკეტილი იყო და გზა მლეთადანაც დაიკეტა. „ამას ჯერ ალბათ ვერც ვერაფერს ვუშველით, იმედია, რომ მოიხსნება ზვავსაშიშროება. სამხრეთ საქართველოში გვქონდა სამივე გზა ნინოწმინდას მიმართულებით დაკეტილი. ორი მათგანი გახსნილია უკვე: ნინოწმინდა-სომხეთი და ახალქალაქი- კარწახი. მაგრამ ქარბუქის გამო სამუშაოები ვერ მიდის ფარავანი-ნინოწმინდას მიმართულებით. აქ გზა დაკეტილია“ – აღნიშნა ჯავახიშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ნაქერალაზე ცაგერის მიმართულებით სერიოზული პრობლემები არსებობდა სამი დღის განმავლობაში და გზა პრაქტიკულად არ იწმინდებოდა. „მოგვიწევს ალბათ გარკვეული საჯარიმო სანქციების გამოყენება. დღეს იქ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ჯვარი-ხაიშზე გარდა იმისა, რომ ცოტა დაგვიანდა გაწმენდითი სამუშაოები, მერე ზვავები წამოვიდა და რამდენიმე ადგილზე მანქანებიც კი იყო მოყოლილი. ახლა ეს ყველაფერი გაწმენდილია, მაგრამ დარჩა ვიწრო ადგილები, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით,  სავარაუდოდ, თებერვლის ბოლომდე ჩაკეტილი იქნება გოდერძის უღელტეხილი, თუმცა, მაღალგამავლიანობის მანქანების გასვლა ბათუმის მხრიდან კურორტზე შესაძლებელია.

“კიდევ ერთხელ შეგვექმნა პრობლემები შხარაზე, იქ უკვე მეოთხედ წაიღო დროებითი გზა. მქონდა სერიოზული საუბარი კონტრაქტორთან, იტალიელები მუშაობენ და ზუსტად ვერ ავიღებ ამ ვალდებულებას, მაგრამ ორ დღეში, ალბათ დღეიდან, ხიდი ისე გაკეთდება, რომ შემოვლითი გზა აღარ დაგვჭირდება. ეს პრობლემაც მოგვეხსნება. გუდაურში მაღალი ყინვების წყალმომარაგების პრობლემები იყო, „მარკო პოლოს“ შეექმნა პრობლემები, მაგრამ იმავე დღეს მოიხსნა. იქ ოპერატიული კონტროლი მიდის“,- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ახალი წლის დღეებში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურა დაეცა. ამას დაერთო თოვაც, რამაც გზებზე გადაადგილება შეაფერხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები