LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა – იუსტიციის საბჭო

133
sabchoiusticia

იუსტიციის უმაღლესი საბჭო გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დავით კირკიტაძის პროცესზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და პროცესის შემდეგ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილი ჰქონდა მოსამართლის მიმართ ბრალდებებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს.  ამასთან, საბჭო ნიკა მელიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

“სასამართლო სხდომაზე ცალკეული პოლიტიკოსები მოსამართლის მისამართით არაეთიკურ გამონათქვამებს არ მოერიდნენ და მცდელობა ჰქონდათ, ვითარება სამართლებრივი ჩარჩოდან გასულიყო. მოსამართლის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, აბსურდულ ბრალდებებსა და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.

გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს წლების წინ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პირი ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლა. მსგავსი შინაარსის საქმეზე ნუნუ ნემსიწვერიძეს განაჩენი არ დაუდგენია.

შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ნებისმიერი მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, საქმის განხილვისას ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. შესაბამისად, მიუღებელია მოსამართლის გადაწყვეტილების დაკავშირება პოლიტიკურ მოტივებთან მხოლოდ იმიტომ, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტებს არ დაეთანხმა პროცესის მონაწილე მხარე.

დაუშვებელია სასამართლო სისტემასა და მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მათზე მუქარით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და შეურაცხმყოფელი, არაეთიკური გამონათქვამებით, რაც მიზნად ისახავს სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობით მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას,”- აღნიშნულია განცხადებაში.

სასამართლო პროცესზე, სადაც დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვეს, ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა და განუცხადა, რომ იგი “ის მოსამართლეა, ვინც ადამიანი გაასამართლეთ მკვლელობისთვის და მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა.” საპასუხოდ მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა და მელიას მიუთითა, კითხვა ესწავლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g