პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ ლარის დევალვაცია მეზობელ ქვეყნებში ნავთობის ფასების დაცემითაა გამოწვეული და ამას შიდა მიზეზები არ გააჩნია.
კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის დევალვაცია პირდაპირი შედეგია იმ დევალვაციის, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ხდება ნავთობის ფასების დაცემის გამო.
”ამ მოვლენებს შორის პირდაპირი კავშირია, არანაირი შიდა მიზეზები ამას არ გააჩნია, თუმცა ჩვენ გვაქვს კონკრეტული, გაწერილი ნაბიჯები, თუ როგორ შეიძლება შევამცროთ ან შევამსუბუქოთ გარე მოვლენების ეფექტი. მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რა ინსტრუმენტებიც მის ხელშია. მათ შორის, ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგი კოორდინაციით, რომ ამ ეფექტების მინიმიზაცია მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, თუმცა, მთავრობა აკეთებს ყველაფერს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის დასასტაბილურებელ მექანიზებს, კვირიკაშვილის თქმით, დღეს რა დევალვაციაც არსებობს, მეზობელ ქვეყნებში უკანასკნელ დღეებში მომხდარი დევალვაციის პირდაპირი ეფექტია.
”ჩვენ ვართ ინტეგრირებული ამ ბაზარზე, გვაქვს სავაჭრო კავშირები და შეუძლებელია, რომ ეს არ აისახოს საქართველოს სავალუტო კურსზე”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.