2022 წლისთვის მასწავლებლის ხელფასმა უნდა შეადგინოს 1500-დან 1800 ლარამდე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელფასების ზრდა წელსვე დაიწყება, რაც კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად უნდა ხდებოდეს.
„სისტემა უნდა იყოს ღია, რომ მასში შეეძლოთ შესვლა მოტივირებულ ადამიანებს, მოქალაქეებს, ვისაც აქვს სურვილი, ჩაერთოს ამ საქმიანობაში, გახდეს პედაგოგი. არსებულ პედაგოგებს ექნებათ შესაძლებლობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია. კვალიფიციური მასწავლებელი ნიშნავს პირველ რიგში ძლიერ სკოლას, ძლიერი სკოლა ნიშნავს ძლიერ განათლების სისტემას, ძლიერი განათლების სისტემა – ძლიერ სახელმწიფოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, პედაგოგი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში.
ჯანდაცვის შემდეგ განათლება ქვეყნისთვის ყველაზე პრიორიტეტული სფერო ხდება. მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით 2022 წლიდან განათლების სამინისტროსთვის ბიუჯეტის მეოთხედი გამოიყოფა. სფეროს დაფინანსება კი კანონის დონეზე იქნება უზრუნველყოფილი ანუ კანონმდებლობაში გაიწერება, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად სახელმწიფომ განათლებაში სულ მცირე ბიუჯეტის 25პროცენტი უნდა დახარჯოს.
