ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვითარება იმდენად სერიოზული იყო, რომ სხდომაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს – ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მედიკოსების დახმარება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს დასჭირდა, რომელიც ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა. როინ ზოიძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
კამათი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა. დეპუტატმა განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი?
„კითხვა დავსვი, განმარტებით ბარათშიც უწერია და მოხსენების დროსაც თქვა, რომ დიდ პროზაიკოსს ვუდგამთ ბიუსტსო. ვკითხე პროზაიკოსია თუ პოეტი? ან დამისახელე ერთი პროზაული ნაწარმოები-თქო. ამას მოჰყვა აგრესია, იმიტომ, რომ არ აქვს ინტელექტი ადამიანს და გადმოდის აგრესიაზე”, – თქვა ჟურნალისტებთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.