კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებით, წინასააღდგომოდ, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონსა და ზესტაფონში, დღის ცენტრ „ცხოვრების მეგზურში“, საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა.სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს „ჩვენი თეატრის“ მენტორები ეწვივნენ და 2-საათიანი ვორკშოპი გასართობი პროგრამის თანხლებით ჩაუტარეს.
“ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, სპეციალურად სააღდგომო თემატიკასთან ასოცირებული სხვადასხვა ფიგურა ბავშვებმა, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან, აღმზრდელებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოხატეს და გააფერადეს. დიზაინერმა ბავშვებს, კომპანია „მოროზპროდუქტი ჯორჯიას“ პროდუქცია, კომპანიის დამფუძნებელთან ერთად გადასცა.
„ბავშვებს აქვთ ყველაფერი, მაგრამ აკლიათ ადამიანებთან ურთიერთობა. არის ეს პრობლემა, რადგან პანსიონია და, ძირითადად, ჩაკეტილ სივრცეში უწევთ ცხოვრება. ნებისმიერი სტუმრის შემობრძანება ჩვენს სკოლაში მართლაც დღესასწაულია.ქალბატონი ანუკი არეშიძე მზრუნველ ხელს და ყურადღებას არ აკლებს სკოლის აღსაზრდელებს, ყველა რელიგიურ დღესასწაულს ულამაზებს ჩვენს ბავშვებს. გამორჩული იყო საახალწლო ღონისძიება, როდესაც კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს ჩვენს ბავშვებს. რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზს“, აღნიშნული კომპანია ჩვენს სკოლასთან უკვე 10 წელია, თანამშრომლობს და არაერთი სასიკეთო პროექტი განახორციელეს, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორს, აკაკი გურჯიძეს“,- განაცხადა ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის დირექტორმა ჯამბულ ყიფშიძემ.
“ჯორჯინ მანგანეზმა“ ბავშვებს სააღდგომო პასკა, კვერცხები და სხვა ტკბილეული და პროდუქტი ჩაუტანა.