ბენზინის გაიაფებამ ავტოგაზზე მოთხოვნა საგრძნობლად შეამცირა. როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”ეკო გაზში” განუცხადეს, ბოლო სამი თვეა ავტოგაზის გაყიდვები რეკორდულად შემცირდა.
”ბენზინის გაიაფებამ ჩვენს პროდუქტს გაყიდვების კუთხით პრობლემები შეუქმნა. მოთხოვნა თითქმის 35-40%-ით შემცირდა. თუმცა, ამ ეტაპზე გაზის გაიაფებას მაინც ვერ ვახერხებთ, რადგან პროდუქტის შესყიდვის ფასი იგივეა, რაც თვეების წინ იყო”, – განაცხადეს ”ეკო გაზში”.
მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, აპრილიდან ავტოგაზის შესასყიდი ფასები დაეცემა, რასაც გაზის გაიაფებაც მოჰყვება.
”პროდუქტს ჩვენ კომპანია ”სოკარისგან” ვყიდულობთ. როგორც ამბობენ, აპრილში ავტოგაზის შესასყიდი ფასი 35-40 დოლარით გაიაფდება, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ გაზი გავაიაფოთ”, – განმარტეს კომპანიაში.
ამ ეტაპზე ”ეკო გაზში” საწვავი 1,28 თეთრი ღირს, თუმცა შესასყიდი პროდუქტის გაიაფების შემდეგ, აქ ფასების 10-15 თეთრით კლებას პროგნოზირებენ.