LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წლის გოგო და მისი შვილი – მე-5 და მე-6 ბავშვი, რომელიც სისტემამ ვერ დაინახა?

6953
sasaflao

შვიდი თვის ჩვილი სოფელ აღაიანის სასაფლაოზე 22 მაისს დაკრძალეს. ჩვილის დაკრძალვას არ დასწრებია 16 წლის დედა. ის დამამძიმებელ გარემოებებში საკუთარი შვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

მეზობლები მომხდარს ვერ ხსნიან და ამბობენ, რომ გოგო შვილს განსაკუთრებული სიყვარულით უვლიდა – “ორი დღის წინ, აი, აქ, ჩვენს თვალწინ ეთამაშებოდა, ეხუტებოდა, არ ვიცით, რა მოხდა.”

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან კი გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთან ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. გამონაკლისის სახით, 16 წლის არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა. სისხლის სამართლის კოდექსით კი არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედება  დასჯადია – 140 მუხლის მიხედვით, სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წელს მიუღწეველი პირთან  7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, აქამდე ამისთვის არავინ დასჯილა. არასრულწლოვანთა ქორწინების თავიდან აცილებაზე სახელმწიფო უწყებები არიან პასუხისმგებელნი.

 

16 წლის ბავშვის მშობელი რას ამბობს, არასრულწლოვანი ბავშვი რატომ ცხოვრობდა უცხო კაცთან? მეურვე სად იყო? მისი კანონიერი წარმომადგენელი? ვინ იღებდა ამ ბავშვის შესახებ გადაწყვეტილებას? როგორ ემსახურებოდა არასრულწლოვანს მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე ადმინისტრაციული ორგანოები და ოფიციალური დაწესებულებები? სოციალური სამსახური როგორ ამონიტორინგებდა უცხო ადამიანთან მცხოვრებ ბავშვს? სკოლა როგორ აქცევდა აყურადღებას? სამშობიარო? პედიატრი? მეან-გინეკოლოგი? ექთანი? თერაპევტი? ბავშვს ვინ იმუნიზაცია გაუკეთა? დარაჯი? მძღოლი? გვერდით მაღაზიის გამყიდველი? მასწავლებელი? დირექტორი? სასწავლო ნაწილი? და მილიონი სხვა ადმიანი… ყველამ გააკეთა სავალდებულო შეტყობინება სექსუალურ ძალადობაზე, რომლის შეუტყობინებლობაც კანონის დარღვევაა? (16 წლამდე ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარება), გაინაწილეთ ახლა პასუხისმგებლობა სამართლიანად, რამდენმა ასეულმა ადამიანმა იცოდა, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა ყველაზე მძიმე ფორმით და რა რისკები ახლავს ამას თან? რამდენი ათასი ბავშვია ამავე მდგომარეობაში და თვალს ხუჭავთ?” – ამბობს ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი. 

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ქალებს (ამ შემთხვევაში ბავშვებს) მშობიარობის შემდეგ ფსიქიკური პრობლემები ექმნებათ, სახელმწიფოსთვის კი ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი არ არის.   

რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? - ბაია პატარაია

ამ ერთ ამბავში იმდენი ტრაგედია იკითხება... ვისწავლით კი რამეს? შევცვლით კი რამეს?

განათლების სამინისტროს სტატისტიკით, საქართველოში სკოლას ნაადრევი ქორწინების გამო ყოველწლიურად საშუალოდ 300 მოსწავლე ვერ ამთავრებს. სტატისტიკა თავდაპირველად edu.aris.ge-მ გამოაქვეყნა. 2015-2016 სასწავლო წლებში 553 ათასი მოსწავლიდან 460 გოგონამ და 68 ბიჭმა ვერ დაასრულა საშუალო განათლების საფეხური, 2016-2017 წლებში 564 ათასი მოსწავლიდან 230 გოგომ და 17 ბიჭმა, ხოლო 2017-2018 წლებში 151 გოგომ და 22 ვაჟმა.

უკვე ცნობილია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არასრულწლოვნის ქორწინების შესახებ შეტყობინება შსს-ს ჰქონდა, თუმცა, დანაშაულზე გამოძიება არ დაუწყია. საქმესთან დაკავშირებით უფლებამოსილება შეუწყდა ერთ სამართალდამცველს. როგორც შსს-ში განმარტეს, მიზეზი თავის დროზე შესაბამისი სამსახურების მიერ დანაშაულის – 16 წლამდე პირთან სექსუალური კავშირის იგნორირებაა.

როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება, რეფერალის მიხედვით,  განათლების სამინისტრო (სკოლა), შსს და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური ვალდებულნი არიან არასრუწლოვნის ინტერესებთან დაკავშირებით ერთმანეთთან კოორდინაცია ჰქონდეთ. თუმცა, შსს-ს სოციალურ სამსახურთან კოორდინაცია არ ამ შემთხვევაში არ ჰქონია და როგორც უკვე ვთვით, არც სხვაგვარი რეაგირება მოუხდენია ამაზე. როგორც “ფორტუნას” სოციალური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, რაიმე შეტყობინება მათთან არც ქორწინებაზე შესულა და არც იმაზე, რომ არასრუწლოვანი სკოლაში არ დადიოდა.

“ფორტუნა” დაინტერესდა, მიმართვის გარეშე თუ აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიმე მექანიზმი, რომ მონიტორინგის მეშევეობით გამოავლინოს ამა თუ იმ თემში, კონკრეტულ ოჯახში არსებული პრობლემა, რაზეც პრესსამსახურში გვპასუხობენ, რომ ასეთი მექანიზმი არ აქვთ და იქვე დასძნენ, რომ პრობლემის გამოვლენა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია და მასთან ვიზიტზე მიდის სოციალური მუშაკი, რომელმაც შესაძლოა საეჭვო გარემოება აღმოაჩინოს, რაც შესაძლოა, ძალადობასთან იყოს კავშირში.

განსხვებული აზრი აქვს სოციალურ მუშაკს. როგორც სოფო ხვთისიაშვილი აღნიშნავს, სოციალური მუშაკი რომ თემთან მუშაობდეს, ასეთ შემთხვევაში მისი დაორსულების ფაქტსაც შეიტყობდა. სოფო ამბობს, რომ 2019 წლის მონაცემებით ეს მეხუთე და მეექვსე ბავშვია, რომელიც სისტემამ ვერ დაინახა.


“6 წლის გოგო და მისი 7 თვის ბავშვი… 

2019 წლის მონაცემებით მეხუთე და მეექსვე ბავშვი რომელიც სისტემამ ვერ დაინახა. ვიცი ბევრმა განიხილა, მაგრამ მინდა ყოველჯერზე შეგახსენოთ რამდენი ბავშვიც დაიღუპება ჩვენს თვალწინ ვიცოდეთ, რომ ეს ჩემი, თქვენი და საზოგადოების ბრალია. არ ვაკეთებთ არაფერს და არც ვითხოვთ რამის გამოსწორებას. სკოლაზე და სამშობიაროზე სხვამ ილაპარაკოს, მე სოციალური მომსახურების სააგენტოზე გეტყვით. 

სოციალური მომსახურების სააგენტო რომ ნორმალურად მუშაობდეს და ჰყავდეს სოციალური მუშაკები, რომლებიც თემთან იმუშავებდა – თქვენი აზრით 14 წლის გოგოს დაორსულების ფაქტი მისთვის ცნობილი არ გახდებოდა?

სააგენტო ვერ ხედავს ვერავის სანამ ვინმე არ მიმართავს და ზოგჯერ ეს მიმართვა დაგვიანებულიცაა ხოლმე. მე დათვლას განვაგრძობ რამდენ ბავშს შეიწირავს ამ სისტემის უმოქმედობა“, – აღნიშნავს სოფო ხვთისიაშვილი.

სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის - როგორ მუშაობს ბავშვზე ზრუნვის სისტემა

6 იანვრიდან 21 იანვრამდე პერიოდში განხორციელებულ რეაგირებასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს უკვე ბევრი შეკითხვა აქვს, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, ასევე შსს-თან.

სანზონაში 4 წლის ნინოს მკვლელობის შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა, გაათავისუფლეს 4 სოციალური მუშაკი.

ტრაგედიის შემდეგ დაიწყო სოციალურ მუშაკთა პროტესტი, რომლებიც სისტემაში არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდნენ, რის გამოც ბენფიციარები ზარალდებიან. ამის შემდეგ სოციალურმა სააგენტომ ცვლილებები დააანონსა. 

რა ცვლილებებს გეგმავს სოციალური სააგენტო - ინტერვიუ მინისტრის მოადგილესთან

მინისტრის მოადგილეს ბოლო პერიოდში სოციალური მუშაკების მიერ დასახელებულ პრობლემებთან დაკავშირებითაც ვკითხეთ.

თუმცა, ტრაგედიები კიდევ გაგრძელდა. საზოგადოებას კითხვები დარჩა 13 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში, ჯართის შეგროვების დროს დაიღუპა, რუსთავში ბიძის მიერ ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე, ასევე, დღემდე უცნობია, რა გახდა მარტვილში 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი.

 

magti 5g