LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფოსტის შესახებ” ახალ კანონპროექტში დანიშნული ოპერატორის სტატუსი ისევ გათვალისწინებული იქნება

63

”ფოსტის შესახებ” ახალ კანონპროექტში ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი ისევ გათვალისწინებული იქნება.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკის სამინისტრის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ განუცხადა, კანონპროექტზე მუშაობა ევროპელ ექსპერტებთან ერთად ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, დანიშნული ოპერატორის სტატუსი აუცილებლად იარსებებს.

”ეროვნული, დანიშნული ოპერატორი ნამდვილად უნდა იყოს ქვეყანაში. რა წესით მოხდება მისი დანიშვნა, ”EBRD”-ის ექსპერტებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა ის, რომ ეროვნული ოპერატორი უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას უზრუნველყოფს, გადაწყვეტილია” – განუცხადა ”ფორტუნას” ეკა ყუბუსიძემ.

მისივე თქმით, ”იბიარდის” ექსპერტებთან ერთად ახალი კანონპროექტის შემუშავება დაიწყება, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ახალი კანონის პროექტი უკვე არსებული, ადრე დაწუნებული დრაფტის საფუძველზე მომზადდეს.

 ”ძველი ვერსია, რა თქმა უნდა, არსებობს და თუ ”EBRD”-ს დასჭირდება, ვაჩვენებთ ამ კანონპროექტს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მისი მუხლი და პუნქტი ახალ ვარიანტში იქნება გადმოტანილი. აღნიშნულ ვერსიაზე იყო შენიშვნები ევროკავშირის მხრიდან, რაც გავითვალისწინეთ, გაიმართა მოლაპარაკებები და ვიდეოკონფერენცია. მივედით გარკვეულ შეთანხმებამდე. ეს შეთანხმებები ამ დრაფტში გათვალისწინებულია. ვფიქრობთ რომ შემუშავებული იქნება ”ფოსტის შესახებ” კანონის ახალი პროექტი, რომელშიც შესაძლებელია, გარკვეული მუხლები გათვალისწინებული იყოს იმ ვერსიიდან, რომელიც  დღეს გვაქვს,” – განუცხადა ”ფორტუნას” ეკა ყუბუსიძემ.

მისივე თქმით, ”EBRD”-ის ექსპერტებთან ერთად მუშაობა სავარაუდოდ, სამ კვირაში დაიწყება, კანონპროექტის მომზადება კი შემოდგომამდე დასრულდება.

”ფოსტის შესახებ” კანონპროექტის შემუშავებაში ჩართულობის მზადყოფნას გამოთქვამენ სატვირთო-გადამზიდავი კომპანიები. როგორც ”ფორტუნას” DHL Georgia-ს და TNT-ს მრჩეველმა ნათია კუტივაძემ განუცხადა, საკითხზე სამინისტროსთან კომუნიკაცია აქვთ და მუშაობის დაწყებისთანავე, გეგმავენ თვითონაც ჩაერთონ.

”ჩართული ვართ პროცესში, თუმცა, როგორც ვიცით, მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, რადგან EBRD-მა უნდა შეარჩიოს ექსპერტი, რომელიც კანონპროექტზე იმუშავებს. ჩვენი ინფორმაციით პროექტის ძველი ვერსია საერთოდ უარყოფილია და ახალი უნდა შემუშავდეს” – განუცხადა ”ფორტუნას” ნათია კუტივაძემ.

”საფოსტო კავშირის შესახებ” კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წელს შეიმუშავა, რასაც გადამზადავი კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პროტესტი მოყვა. მათი განცხადებით, კანონპროექტი ბაზრის ამ სეგმენტზე ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებდა. კომპანიების განცხადებით, „საქართველოს ფოსტას“ ეროვნული ოპერატორის სტატუსი პირდაპირ (ყოველგვარი კონკურსის გამოცხადების გარეშე) ენიჭებოდა და ისეთ გაუმართლებელ შეღავათებს მიიღებდა, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა. კერძოდ, „საქართველოს ფოსტა“ 5 წლით ბაზრის მონოპოლისტი იქნებოდა და სხვა ოპერატორები მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ „ქოლგის ქვეშ“ შეძლებდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებლისთვის მიწოდებას.

 

magti 5g