ერთი წლის განმავლობაში ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის მაისში რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 34.8 მლნ აშშ დოლარია, რაც გასული წლის მაისის მაჩვენებელს დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება მეორე მეზობელ ქვეყანას, ანუ თურქეთს – ფულადი გზავნილები აქედანაც შემცირდა. მაისში თურქეთიდან 7.76 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც გასული წლის მაისის ფულადი გზავნილების მოცულობას 20%-ით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების კლება მხოლოდ ამ ორი ქვეყნიდან ფიქსირდება, საერთო ჯამში კი ამ კუთხით ქვეყანაში ზრდაა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 145.8 მლნ აშშ დოლარი (400.4 მლლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.8 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
