პედაგოგების ხელფასი გაიზარდა – თამარ სანიკიძის თქმით, კარიერული სქემის ფარგლებში გაზრდილ ხელფასს პედაგოგები აპრილის ბოლოს მიიღებენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განმარტებით, საბაზო ხელფასიც გაიზრდება კიდევ 50 ლარით, როგორც ეს შეთანხმებული იყო და შესაბამისად, გაიზრდება დანამატები საფეხურების მიხედვით.
„2012 წელს, ჩვენ ჩავიბარეთ საბაზო ხელფასი, რომელიც იყო 245 ლარი. დღევანდელი ცვლილების შედეგად, საბაზო ხელფასი 405 ლარი გახდება, რაც არის დაახლოებით 65%-იანი ზრდა. 2016 წლის აპრილიდან, პრაქტიკოსი მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის უკვე დაახლოებით 600 ლარი, ხოლო 2012 წელს იყო 360 ლარი. უფროსი მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის 800 ლარი, 2012 წელს იყო 450 ლარი. წამყვანი მასწავლებლის ხელფასი არის 965 ლარი, 2012 წელს დაახლოებით 500 ლარი იყო. პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში გვაქვს 67%-იანი ზრდა, 78%-იანი ზრდა – უფროსი მასწავლებლის შემთხვევაში და წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში – 93% ზრდა“, – განაცხადა მინისტრმა.