LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესხიშვილის თეატრი 19 აპრილს “რუსთაველის თეატრის” სპექტაკლს უმასპინძლებს

309

19 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლს „ასულნი“ უმასპინძლებს. პოლიკ კაკაბაძის პიესების მიხედვით შექმნილი ფანტაზიის რეჟისორი რობერტ სტურუა გახლავთ. მხატვარი – ანა ნინუა; კომპოზიტორი – გია ყანჩელი; ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე.

სპექტაკლი დამონებული ასულების შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ უღიმღამოდ გადის ერთფეროვან შრომაში დღეები, წლები. თუმცა, იმედი საბოლოოდ არ გამქრალა. ასულთა „მხსნელები“ დროდადრო ჩნდებიან, რომლებიც მათ „ოქროსყანებს“ ჰპირდებიან. თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრებისკენ მიზანსწრაფვით ცრუდ აბრუებენ. თუმცა, ეს ყველაფერი სიცრუა, ასულთა ბედი არავის ადარდებს.

რუსთაველის თეატრის სამსახიობო დასი ქუთაისში მაყურებლის წინაშე 19:00 საათზე წარსდგება. სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო არსენიშვილი; მანანა გამცემლიძე; თათული დოლიძე; მარინა კახიანი; ზაზა ლებანიძე; ნანა ლორთქიფანიძე; ეკა მინდიაშვილი; მარიკა ჭიჭინაძე; დარეჯან ხარშილაძე; მარინა ჯანაშია.
სპექტაკლი პოლიკ კაკაბაძის პიესების მიხედვით დაიდგა.

პოლიკარპე კაკაბაძე (1893-1972)

მისი პირველი ნოველა „ბრძენი მოქანდაკე“ 1915 წელს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა. პირველი მნიშვნელოვანი დრამატული ნაწარმოებია პიესა „გზაჯვარედინზე“, რომელიც 1918 წელს წარმატებით დაიდგა ბაქოს სცენაზე. 1925 წელს რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი დრამა „ლისაბონის ტუსაღები“. პოპულარული იყო მისი კომედია „კოლმეურნის ქორწინება“, „შეხვედრა მშენებლობაზე“; „ბედნიერი სამჭედლო“; „ციცინათელა“; „პაექრობა“; „ყვარყვარე თუთაბერი“, რომელიც ქართული კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშია. 1978 წელს რეჟისორმა დ. აბაშიძემ ამავე პიესით შექმნილი ფილმი გადაიღო. კაკაბაძე სიცოცხლის ბოლო ათწლეულში ინტენსიურად მუშაობდა ისტორიული დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამავე პერიოდში გამოაქვეყნა დრამატული პოემები: „მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი“; „მეფე ბაგრატ მეშვიდე“; ტრაგედია „მეფე დიმიტრი თავდადებული“. პოლიკარპე კაკაბაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა თანამედროვე კრიტიკისა და საზოგადოების აღიარება.

ტატა ნაკანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g