LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ჯავახიშვილი: პროექტები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა განახორციელონ

117

სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომ თვითმმართველობა რეალურად ფეხზე დადგეს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო ”რედისონში” განუცხადა, სადაც კონფერენცია – ”საქართველოს რეგიონული განვითარების მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა.

”მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა სახელმწიფო ვართ, ცენტრში ვერ მიიღება ყველა სახის საფუძვლიანი გადაწყვეტილებები, ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამის ფინანსური და საკადრო რესურსი. ქვეყნის განვითარების ხაზსა და ვექტორს ცენტრალური ხელისუფლება განსაზღვრავს, მაგრამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა თუ ღონისძიებების ძირითადი ნაწილი უნდა იგეგმებოდეს და ხორციელდებოდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, როგორც შარშან, ისე წელს გარკვეული რესურსები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელში და განსაკარგავად დარჩება, რაც მათ შესაძლებლობებს გაზრდის.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან 2013-2016 წლებში დამტკიცებული პროექტების პრეზენტაცია, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა წარმოადგინა. ასევე გაიმართა რეგიონებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ფოტო გამოფენა.

magti 5g